Facebook Twitter

¹ას-903-1111-08 15 იანვარი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ოვა (მოსარჩელე)

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

თ. ხ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ძის მიმართ სესხისა და პროცენტის, სულ – 4603 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. მან მიუთითა, რომ 2000 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 8 წლით, რომლის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3280 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ-ძის კუთვნილი ქ. გორში, . . . ქ. ¹172\3-ში მდებარე ბინა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ძირითადი თანხის გარდა, დამატებით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 1,5%-ის გადახდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 4603 აშშ დოლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ზ. მ-ძემ.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის საჩივარს უარი ეთქვა საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო თ. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე ზ. მ-ძე არ ცხოვრობდა და, ვინაიდან აპელანტს თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ გზავნილი 2004 წლის 4 დეკემბერს ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით ზ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს ავალდებულებს ფაქტობრივი მისამართის მითითებას. ფაქტობრივი მისამართი განსხვავდება რეგისტრაციის ადგილისაგან და გულისხმობს ადგილს, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მხარე და სადაც შესაძლებელია მისთვის სასამართლოს კორესპონდენციების მიწოდება და ჩაბარება. ის გარემოება, რომ სხვადასხვა დროსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში არც ზ. მ-ძე და არც მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, უტყუარად ადასტურებს ზ. მ-ძის მიერ საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის შეცვლის ფაქტს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. მ-ძემ. მან მიუთითა, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხლველად იმ საფუძვლით, რომ მის მეზობელ ალ. თ-ძეს მისთვის გადასაცემად ჩაჰბარდა ხარვეზის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით გაუქმდა აღნიშნული განჩინება, საქმე დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განჩინებაში კი სასამართლო მიუთითებს, რომ ფოსტის კურიერი რამდენჯერმე მივიდა მის მიერ მითითებულ მისამართზე და, ვინაიდან იქ არ დახვდა, სასამართლომ ჩათვალა რომ მან მისამართი შეიცვალა. სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ მან არ აცნობა მისამართის შეცვლის შესახებ, მისი სააპელაციო საჩივარი ისევ დატოვა განუხილველად, რაც არასწორია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ძეს მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა. ზ. მ-ძეს აღნიშნული განჩინება პირადად არ ჩაჰბარებია საცხოვრებელ მისამართზე მისი არყოფნის გამო. სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტის მეზობელ ა. თ-ძეს ზ. მ-ძისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ზ.მ-ძეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე პირადად არ ჩაჰბარებია საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის გამო. სასამართლო გზავნილი ადრესატისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა მის მეზობელ ალ. თ-ძეს. საქმეში წარმოდგენილი აპელანტის მეზობლებისა და თავად ზ. მ-ძის განმარტებების შესაბამისად, ა. თ-ძე აპელანტის მეზობლად არ ცხოვრობს, არამედ დროდადრო მიდის სტუმრად ზ. მ-ძის მეზობელთან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ჩაიბარონ შეტყობინება. ეს პირები არიან მხარესთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრები და თუ სამუშაო ადგილის მიხედვით ბარდება მხარეს უწყება – სამუშაო ადგილის ადმინისრტაცია. აღნიშნული მუხლის თანახმად, მეზობელი არ არის უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია ჩაიბაროს მხარის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს - ა. თ-ძეს, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, რომლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მთითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაეგზავნება საქმეში არსებულ მისამართზე და იგი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

მოცემულ შემთხვევაში გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რ. ზ-ძის მიერ გაცემული 2004 წლის 6 დეკემბრის ¹40/2743 ცნობისა და 2004 წლის 4 დეკემბრის ოქმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დასახელებულ დოკუმენტებს. ვინაიდან მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ ადრესატი ზ. მ-ძე სასამართლო გზავნილის მიტანისას ადგილზე არ იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა მეზობელ ალ. თ-ძეს. რაც შეეხება ადრესატის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ამ ინფორმაციას ზემოხსენებული ცნობა და ოქმი არ შეიცავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე მიუთითა მის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებაში, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლოს უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ მხარეს უწყება ვერ ჰბარდება გარკვეული მიზეზით, მაშინ სასამართლო ვალდებულია, დამატებით გაუგზავნოს მხარეს უწყება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, იმსჯელოს უწყების ჩაბარება-არჩაბარების შესახებ, რასაც შესაბამისად მოჰყვება პროცესუალური შედეგი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მხარეს ხარვეზის განჩინება და, ვინაიდან აპელანტი ზ. მ-ძე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ამ საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველად ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი და ისე ჩათვალა ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად, რომ, 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დამატებით არ გაუგზავნია ხარვეზის განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს ზ. მ-ძისათვის ჩაბარებულად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით ზ. მ-ძეს არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.