Facebook Twitter

საქმე №85აგ-17 თბილისი

ნ-ე კ., 85აგ-17 13 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით კ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (22,62 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანისა“ და 186,45 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. ნ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: კ. ნ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. ნ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის საფუძველზე 2017 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №….. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შევიდა მსჯავრდებულ კ. ნ-ს პირადი საქმე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება გავრცელდა კ. ნ-ს მიმართ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: კ. ნ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. ნ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 სექტემბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მისი საქმის ხელახლა განხილვა და გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ მართებულად გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით დადგენილი შეღავათი და მის მიმართ განსაზღვრული სანქციები და სასჯელები შესაბამისობაში მოიყვანა ახალ კანონთან.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი