Facebook Twitter

¹ას-904-1112-08 22 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი, თ. თოდრია (მომხსენებელი)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. უ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა-ელი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 30 სექტემბერს ზ. ა-ელმა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის ¹10 სანოტარო ბიუროს ნოტარიუს გ. ზ-შვილის მიმართ ლ. ქ-ელის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წლ.ნ უვლ. და მატერიალურ დახმარებას უწევდა ლ. ქ-ელს, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 25 იანვარს. გარდაცვალების წინ, 2003 წლის 10 იანვარს, მეზობლების – ი. ჭ-ულისა და თ. მ-შვილის თანდასწრებით ლ. ქ-ელმა შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლითაც თავისი ქონება უანდერძა მოსარჩელეს. ზ. ა-ელი სარჩელში აღნიშნავს, რომ ანდერძის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2003 წლის ივნისში და მიმართა ნოტარიუსს ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხე ნოტარიუსმა გ. ზ-შვილმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ შინაურული ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ შეიძლებოდა.

მოსარჩელემ მოითხოვა ლ. ქ-ელის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, ხოლო, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლ. ქ-ელის სამკვიდრო ქონებაზე ყადაღის დადება, ქ. თბილისში, . . . მე-10 დ კორპუსში მდებარე ¹31 ბინაზე.

ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ა-ელის განცხადება და ყადაღა დაედო ლ. ქ-ელის სახელზე რიცხულ ქ. თბილისში, . . . მე-10 დ კორპუსში მდებარე ¹31 საცხოვრებელ ბინას.

2003 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. უ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მოპასუხის მხარეზე საქმეში მესამე პირად ჩართვა იმ საფუძვლით, რომ ლ. ქ-ელი იყო მისი გარდაცვლილი ძმის – შ. რ-ძის მეუღლე, რომელთაც არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ ჰყავდათ. ლ. ქ-ელის გარდაცვალების შემდგომ სადავო ქონებას დაეუფლა თვითონ, ხოლო სხვა პირს ამ ქონებაზე კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში პრეტენზია არ განუცხადებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით რ. უ-ძე ჩართულ იქნა მოცემულ საქმეში მოპასუხედ.

მოცემული სამოქალაქო დავა არაერთგზის განიხილეს ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა. ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ. ა-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ა-ელი ცნობილ იქნა 2003 წლის 25 იანვარს გარდაცვლილ ლ. ქ-ელის ანდერძისმიერ მემკვიდრედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა რ. უ-ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით რ. უ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2008 წლის 8 აგვისტოს რ. უ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინებით რ. უ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. უ-ძემ საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის განჩინების ასლი პირადად ჩაიბარა 2008 წლის 15 ივლისს, რის გამოც სააპელაციო საჩივარის შეტანის ვადა ამოიწურა 2008 წლის 29 ივლისს, ხოლო, ვინაიდან, რ. უ-ძემ სააპელაციო საჩივარი Aშეიტანა 2008 წლის 8 აგვისტოს, აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. უ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე მითითებით არასწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განიხილა კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ რ. უ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ საქმეზე რ. უ-ძემ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. უ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, კანონის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილეის ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რ. უ-ძეს საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 15 ივლისს, რაც დასტურედება საქმეში არსებული რ.უ-ძის ხელწერილით (ტ.II. ს.ფ. 69). რ. უ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 8 აგვისტოს (ტ.II. ს.ფ.70), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. უ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება;

რ. უ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 250 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.