¹ას-904-1190-09 9 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ ,,საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,შევარდენი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამართალმემკვიდრედ ცნობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,შევარდენის” მიმართ და მოითხოვა შპს ,,შევარდენის” უფლებამონცვლედ შპს ,,შევარდენი ჯგუფის” ცნობა, ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის _ 100171,40 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 12 იანვარს “საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა” და შპს “შევარდენს შორის გაფორმდა მოსარჩელის ქონების დაცვის ხელშეკრულება. მოპასუხემ გარიგებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს “შევარდენს” დაეკისრა სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” სასარგებლოდ 100171,40 ლარის ანაზღაურება, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს “შევარდენი” აგრძელებს მუშაობას შპს ,,შევარდენი ჯგუფის” სახელით, შესაბამისად, სადავო თანხის გადახდა მას უნდა დაეკისროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,შევარდენი ჯგუფი” შპს ,,შევარდენის” უფლებამონცვლეს არ წარმოადგენს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა აპელანტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობდა, იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2009 წლის 3 აგვისტოს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” განმეორებით მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით და კვლავ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” შეიტანა სააპელაციო საჩივარი, თუმცა, აპელანტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით იგი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 372-ე, 364-ე მუხლებით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” დირექტორ მ. კ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამორიცხავდა იმავე გადაწყვეტილების ხელახლა სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 11 აგვისტოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე, 229-ე, 287-ე, 276-ე, 390-ე, 414-ე და 416-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აპელატისათვის საქმის ზეპირი განხილვის დრო ცნობილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უთუოდ დაესწრებოდა სასამართლო სხდომას და წარადგენდა შუამდგომლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის მიხედვით, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე შპს “შევარდენის” მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, აპელატის სასამართლოში გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი, ხოლო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 229-ე მუხლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს” ჩაბარდა 2009 წლის 19 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ შეიტანა ამავე წლის 3 აგვისტოს, ზემოხსენებული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, როდესაც აპელანტი საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოცემული დანაწესი აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ სააპელაციო საჩივრის ხელახლა შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე და თვლის, რომ მხარეს განმეორებით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არ გააჩნდა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ჰიდროგრაფიულ სამსახურს თავისი სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თარიღი არ ეცნობა და სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტები ეხება სააპელაციო პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინების სამართლებრივ დასაბუთებულობას, მხარეს კი აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს, რის გამოც ზემოხსენებული გარემოებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.