Facebook Twitter

¹ას-904-1211-07 19 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს “-- -- --”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 6 ივნისს თ. ფ-მ და გ. ბ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “-- -- --” მიმართ და მოითხოვეს უკანონოდ დაკისრებული ვალის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2003 წლის 5 თებერვალს ... სამმართველოსგან კონკურსის წესით შეიძინეს სახელმწიფო ქონება _ სავაჭრო ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც 2003 წლის 27 თებერვალს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

სარჩელის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას თ. ფ-მ და გ. ბ-მ არ იცოდნენ, რომ მესაკუთრის ელექტროენერგიის დავალიანება სს “-- -- --” მიმართ შეადგენდა 674,93 ლარს, ამიტომ ხელშეკრულების პირობებში არ იქნა გათვალისწინებული ვალის გადახდის წესი. აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს მოგვიანებით, როდესაც ელექტროენერგიის გადასახდელი ქვითარი მიუვიდათ.

მოსარჩლეებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლის 20 მაისს, მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სს “-- -- --” გადაანგარიშების შედეგად ჩამოაწერა 240 ლარი და მოსარჩელეებისაგან მოითხოვა 434,93 ლარის გადახდა.

2007 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე თ. ფ-ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე სს “-- -- --” მიმართ უკანონოდ დაკისრებული ვალის (434,93 ლარის) გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის ღირებულება შეადგენდა 434,93 ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.