Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-905-1113-08 22 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ა-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ელი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ქ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-შვილის მიმართ სესხისა და პროცენტის _ 38 118,4 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 8500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2,5%-ის დარიცხვით. რ.აბრამიშვილმა თანხა დროულად არ დააბრუნა, რის გამოც უნდა დაეკისროს როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ი.ქარელის ვალი არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ქარელის სარჩელი დაკმაყოფილდა და რ. ა-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 38 118,4 აშშ დოლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ. ამავე სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განჩინებით რ.აბრამიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც საჩივრის ავტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით რ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსწორება. 2008 წლის 23 ივნისის განცხადებით რ.აბრამიშვილმა მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის 5 დღით გაგრძელება, რაც ამავე პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეს მიეცა 14 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი რ.აბრამიშვილს 2008 წლის 2 ივლისს პირადად ჩაბარდა, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ა-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის დადგენისას არ გაითვალისწინა, რომ აპელანტი არის მარტოხელა დედა, უმუშევარი და იმყოფება ნათესავის კმაყოფაზე. მას გააჩნია წილი გარკვეულ ობიექტზე, კერძოდ, რესტორანზე, თუმცა ისიც იპოთეკითაა დატვირთული და მთელი შემოსავალი ბანკს ერიცხება. აღნიშნულის გამო რ.აბრამიშვილს არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბაჟის წარსადგენად მას გონივრული ვადა არ მისცა. კერძო საჩივარს დაერთო 2008 წლის 7 აგვისტოს 2142,60 ლარის გადახდის ქვითარი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით რ.აბრამიშვილის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1524,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარდგენა.

2008 წლის 23 ივნისის განცხადებით რ.აბრამიშვილმა მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის 5 დღით გაგრძელება, რაც ამავე პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეს მიეცა 14 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი რ.აბრამიშვილს 2008 წლის 2 ივლისს პირადად ჩაბარდა, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში რ.აბრამიშვილს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ სასამართლომ ხარვეზის სახით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებისას არ გაითვალისწინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ვინაიდან რ.აბრამიშვილს სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით თავისი გადახდისუუნარობა არ დაუდასტურებია. ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ მას ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრული ვადა არ მისცა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატამ არსებული ხარვეზის შესავსებად ჯერ 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა მხარეს, ხოლო შემდეგ აპელანტის მიერ მოთხოვნილი 5 დღის ნაცვლად, აღნიშნული ვადა 14 დღით გაუგრძელა. ამდენად, აპელანტს სავსებით გონივრული ვადა მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც მან მხოლოდ 2008 წლის 7 აგვისტოს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ განახორციელა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რ. ა-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 2142,6 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

რ. ა-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 2142,6 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.