Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1080-660(კ-05) 27 თებერვალი, 2006 წ.,
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირიტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე, ნ. ქადაგიძე


დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს გენერალური პროკურატურის 24.11.04წ. ¹454 ბრძანებით კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის ქ. თბილსის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, ა. მ-ე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.
21.12.04წ. ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და განმარტა, რომ 1987 წლიდან მუშაობდა პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2004წ. ივნისიდან გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად. საქართველოს გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანებით იგი დაითხოვეს პროკურატურიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო გლდანი-ნაძალადევის ყოფილი რაიონული პროკურორისა და თბილისის პროკურორის წარდგინებები, რომლებიც, მოსარჩელის განცხადებით, საფუძველსმოკლებულია და ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ა. მ-ის განმარტებით 2004წ. ნოემბრის დასაწყისში გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურორმა მოსთხოვა პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ განცხადების დაწერა, ამასთან განუმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა თბილისის პროკურორის მოთხოვნას. მოსარჩელის განმარტებით, მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ შეხვდებოდა ქალაქის პროკურორს. ამის შემდგომ გლდანი-ნაძალადევის პროკურორი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მოსარჩელისთვის განმეორებით განთავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა არავის მოუთხოვია. ა. მ-ემ მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.02.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და სარჩელში აღნიშნა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას დაშვებული ინკრიმინირებული დარღვევები, არ გაითვალისწინა, რომ დაღვეული მისი ბრალით არ მომხდარა, მხედველობაში არ იქნა მიღებული მისი დატვირთვა, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ერთი და იგივე გადაცდომისათვის მისი განმეორებით დასჯის ფაქტს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 08.06.05წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ა. მ-ის პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლად მიჩნეულ იქნა მის მიერ თანამდებობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კონკრეტული სისხლის არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე საპატიმრო ვადის გაგრძელებისა და სსკ-ის 392-ე მუხლით დადგენილი საქმის წარმოების არასწორად შეჩერებაში.
პალატამ მიუთითა, რომ ეს დისციპლინარული გადაცდომები დადგენილად არის მიჩნეული არა მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის 16.11.04წ. დასკვნით, არამედ მათი წინამსწრები მოსარჩელის მიმართ გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს 16.07.04წ. და 14.09.04წ. კერძო დადგენილებებით.
კასატორი არ ეთანხმება სადავო ბრძანების მითითებას სისხლის სამართლის საქმის უკანონო შეჩერებაზე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, დაზარალებული მუდმივ საცხოვრებლად იმყოფებოდა აფხაზეთში. დაზარალებულის ქ. თბილისში ჩამოსვლისთანავე დაზარალებული დეტალურად იქნა დაკითხული. საქმეზე საჭირო იყო ტელეფონების ნომრების მფლობელთა ვინაობის დადგენა, რაც ჭიანურდებოდა. წარმოებაში მქონე საქმეთა სიმრავლის გამო კასატორმა მიმართა პროკურორს და საპროკურორო ხელმძღვანელს საქმის შესაჩერებლა, ნებართვის მიღების შემდეგ 21.03.04წ. შედგენილ იქნა დადგენილება ბრლადებული პირის დადგენამდე წარმოების შეჩერების შესახებ. რაც შეეხება მის წარმოებაში არსებულ‚ ბალახშიევის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, კასატორის განმარტებით, საპატიმრო ვადის ერთი თვიდან ოთხ თვემდე გასაგრძელებლად შესაბამისი შუამდგომლობა მან 2004წ. 9 სექტემბერს შეადგინა, ფაქტიურად 6 დღით ადრე. მასში მითითებული იყო, რომ შუამდგომლობა უნდა განეხილა საოლქო სასამართლოს. რაიონის პროკურორმა შეგნებულად დაგვიანებით გაამგზავრა რაიონულ სასამართლოში, რამაც გამოიწვია მ. ბ-ის მიმართ საპატიმრო ვადის გასაგრძელებლად შუამდგომლობის საოლქო სასამართლოში დაგვიანებით შეტანა. თუმცა საპატიმრო ვადის გაგრძელება შეფარდებული იქნა საპატიმრო ვადების დაურღვევლად. რაც შეეხება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ მ. ს-ის, ტ. ფ-ას, დ. მ-ის და რ. ხ-ას, კასატორი აღნიშნავს, რომ მათ მიმართ წინასწარი პატიმრობის ვაის გასაგრძელებლად შუამდგომლობა პატიმრობის ვადის გასვლამდე 6 დღით ადრე იქნა შედგენილი. გ. ს-ს და ტ. ფირცხალავას მიმართ პატიმრობის 8 თვის ვადით გასაგრძელებლად შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის უნდა წარდგენილიყო, ხოლო რ. ხ-ას და დ. მ-ის მიმართ პატიმრობის 6-თვიანი ვადის გასაგრძელებლად შუამდგომლობა საოლქო სასამართლოში უნდა შესულიყო. მიუხედავად ამისა ოთხივე პირზე შუამდგომლობები სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით რაიონულმა პროკურორმა გაგზავნა საოლქო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი საქმის დავის საგანია «დისციპლინური სახდელის დადების შესახებ» საქართველოს გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ა. მ-ის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველია მის მიერ თანამდებობრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა კონკრეტულ ¹1004879, ¹170431 და ¹0104822 სისხლის სამართლის საქმეებზე საპატიმრო ვადის გაგრძელებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაში და კოდექსის 392-ე მუხლის დარღვევით საქმის წარმოების არასწორად შეჩერებაში. აღნიშნული დისციპლინარული გადაცდომები დადგენილად არის მიიჩნეული არა მხოლოდ საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის საგამოძიებო კოლეგიის 16.11.04წ. დასკვნით, არამედ მანამდე მოსარჩელის მიმართ გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს 16.07.04წ. და 14.09.04წ. კერძო დადგენილებებით, რომლებითაც დადგენილ იქნა ა. მ-ის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე დაშვებული კონკრეტული საპროცესო დარღვევები და რეაგირებისათვის გადაეგზავნა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, კერძო განჩინება(დადგენილება) სასამართლოს გამოაქვს სათანადო საფუძვლის არსებობისას საქმეზე დადგენილი კანონის დარღვევის ფაქტებზე, რომელიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საოქლო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 16.07.04წ. და 16.03.04წ. კერძო დადგენილებების მართლზომიერებაზე. კერძო დადგენილებები გამოტანილია გამომძიებელ ა. მ-ის და არა რაიონულ პროლურორის მიმართ. მხედველობაში მისაღები‚ აგრეთვე‚ ის გარემოებაა, რომ კერძო დადგენილებებში საუბარია არა მხოლოდ შუამდგომლობის დაგვაინებით წარდგენაზე, არამედ‚ აგრეთვე‚ გამომძიებლის წესის დარღვევით ათვლაზე, შუამდგომლობის დაუსაბუთებლობაზე, კონკრეტულად შესასრულებელი მოქმედების მიუთითებლობაზე, შუამდგომლობაში საპატიმრო ვადის ამოწურვის პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლის წესის დარღვევაზე. უკანასკნელზე მითითებას შეიცავს აგრეთვე რაიონის და ქ. თბილისის პროკურორების 22.10.04წ., 25.10.04წ. წარდგინებები, საქართველოს პროკურატურის გენინსპექციის 16.11.04წ. დასკვნა, საქართველოს გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანება. ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, გამომძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ უხეში დაუდევრობისთვის, რასაც უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება მოჰყვა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მის მიერ საპროცესო მოვალეობების ბრალეულად დარღვევის შემთხვევაში, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული დარღვევის ფაქტები დადგენილია საოლქო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული კერძო დადგენილებებით, ასევე საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის 16.11.04წ. დასკვნით, რაც ა. მ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკმარის საფუძველს ქმნის. «პროკურატურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად‚ რაიონული პროკურორის მითითება არ წარმოადგენს დისციპლინური სახდელის სახეობას. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ ყოფილა დარღვეული «პროკურატურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გენერალურ პროკურორს მისთვის ასეთი მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების უფლება და საფუძველი არ გააჩნდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, გენერელური პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელის სახე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კონკრეტული დისციპლინარული სახდელის სახის განსაზღვრა გენერალური პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დისციპლინური სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იყო შესაბამისი საფუძვლის არსებობისას პროკურატურის თანამშრომლის მიმართ გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელებიდან ერთ-ერთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ «დისციპლინური სახდელის დადების შესახებ» საქართველოს გენერალური პროკურორის 24.11.04წ. ¹454 ბრძანება მიღებულია «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 და 38-ე მუხლების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.06.05წ. განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევები არ არსებობს და სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასება-დადგენით, ასევე კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ა. მაღრაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.06.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.