საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-905-1212-07 4 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. მ-ია (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. გ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. და ა. ა-შვილები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. და ა. ა-შვილებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბ., ვ., ნ., ჯ. მ-იებისა და ზ. ჯ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისში, ...ის მე-4 მკ/რ-ის 34-ე კორპუსში მდებარე ¹6 ბინა წარმოადგენს ა. ა-ის საკუთრებას. მოპასუხეები უკანონოდ შეიჭრნენ ბინაში და, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მას არ ათავისუფლებენ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. და ა. ა-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... მე-4 მკ/რ-ის 34-ე კორპუსში მდებარე ¹6 ბინა გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების _ ბ., ნ., ვ. ჯ. მ-იებისა და ზ. ჯ-იას უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული დაუბრუნდა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების ასლი ჯ. მ-იას ჩაბარდა 2007 წლის 27 აგვისტოს, ამავე წლის 14 სექტემბერს კი მხარემ სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ჯ.მ-იამ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა. პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 27 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამავე წლის 14 სექტემბერს, 14 დღის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. მ-იამ და მისმა წარმომადგენელმა ა. გ-აძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჯ.მ-იამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2007 წლის 27 აგვისტოს, ფაქტობრივად, აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 31 აგვისტოს ჩაბარდა მხარის წარმომადგენელს, რომელმაც სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა. თავად ჯ.მ-ია სადავო დროს თბილისში არ იმყოფებოდა და გადაწყვეტილება პირადად არ ჩაბარებია. ბ., ვ., ნ. მ-ისა და ზ. ჯ-იას სააპელაციო საჩივრით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები მიიღო ყველა აპელანტმა ჯ.მანიას გარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ჯ. მ-იასა და მის წარმომადგენელ ა. გ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ჯ. მ-იას ჩაბარდა 2007 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნული გარემოება დასტურდება ჯ.მანიას წარმომადგენელ ა.გიორგაძის ამავე თარიღის ¹38849 განცხადების მეორე გვერდზე მხარის ხელმოწერით.
საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 14 სექტემბერს ჯ. მ-იამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-იამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ჯ.მ-იას საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და აღნიშნული მომენტისათვის იგი ქ.თბილისში არ იმყოფებოდა, ვინაიდან მითითებული გარემოება მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. მ-იასა და მის წარმომადგენელ ა. გ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.