Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №535აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი გ. 535აპ-17 9 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” , მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენით გ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 წელი, 1 თვე და 26 დღე) და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

გ. გ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით გ. გ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ამავე სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით საჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. რეალური სასჯელის მოხდისგან გ. გ-ი გათავისუფლდა 2015 წლის 31 დეკემბერს, პირობით, ვადაზე - 1 თვითა 26 დღით ადრე.

გ. გ-მ 2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. ….. უკანონოდ შეაღწია ….. N…..-ში მდებარე მ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „...-ს“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორსა და „რესივერს“, რამაც 900 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

4. აპელანტის მოთხოვნა:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. აპელანტმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა და შეაჯერა ერთმანეთთან. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივად სწორად არის შეფასებული, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად დადგინდა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების (რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული) შეფასების შემდეგ, პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. გ-მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ მსჯავრდებული გ. გ-ი უკანონოდ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით გ. გ-ლი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. აქედან გამომდინარე, თუ პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, შესაბამისად, ითვლება ნასამართლობის არმქონედ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში ნასამართლობა მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული საკითხი განმარტებულია როგორც თბილისის სააპელაცო სასამართლოს N 1ბ/17-17 საქმესა და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N 1217აგ-13 საქმეზე გამოტანილ განაჩენებში. მითითებულ განაჩენში საკასაციო პალატამ აღნიშნა: „საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, გ. ც-ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და ამ ნაწილში სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი“.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია, რომ გ. გ-ს ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ქურდობა, ჩადენილი ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

სააპელაციო პალატამ აგრეთვე აღნიშნა, რომ გ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენი გ. გ-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული როგორც იურიდიული კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი გ.გ-ს მიმართ დარჩა უცვლელი. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიძიების გაუქმების საკითხზე, სააპელაციო პალატამ მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გააუქმა.

7. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს გ. გ-ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N 1217აგ-13 საქმეზე). სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა მსჯავრდებულ გ. გ-ს ქმედების კვალიფიკაციის შესახებ, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად დაკვალიფიცირდა.

12. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მისი თანამშრომლობის შედეგად ამოიღეს მოპარული ნივთი, აგრეთვე ის, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურორის მოადგილის მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი