საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №541აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ა გ., 541აპ-17 20 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
- გ. ხ-ს ბრალი დაედო გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონების გადაცემის მოთხოვნაში ჯგუფურად, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელსაც შეიძლება, არსებითად დაეზიანებინა დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის ოქტომბერში ადრე სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებისათვის ნასამართლევი გ. ხ-ა და გ. ლ-ე, ერთმანეთთან შეთანხმებულად, შპს „…..” ქსელში ჩართული ….. ნომრის მქონე სიმბარათიდან სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ ნ. ლ-ს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა შპს „…..” ქსელში ჩართული ნომერი …... თავის მხრივ, ნ. ლ-მ გ. ხ-ს და გ. ლ-ს რამდენჯერმე გაუგზავნა სასიყვარულო შინაარსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინება. აღნიშნულის შემდეგ გ. ხ-მ გ. ლ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გახმაურების მუქარით, რომ სასიყვარულო მიმოწერის შინაარსს შეატყობინებდა მის მეუღლეს _ ლ. ფ-ს, 2014 წლის 6 ნოემბერს ნ. ლ-ს ინტერნეტსაიტ „…..“ საშუალებით ააღებინა და გამოსძალა სწრაფი ონლაინსესხით მიღებული ფულადი თანხა - 500 ლარი; 2014 წლის 13 ნოემბერს სს „…..ბანკში” ააღებინა და გამოსძალა „…..სესხით” მიღებული ფულადი თანხა - 150 ლარი; 2014 წლის 19 ნოემბერს განვადებით შეაძენინა და გამოსძალა 1 350 ლარად ღირებული მეტალოპლასტმასის ერთი კარი და ორი ფანჯარა; 2015 წლის 2 იანვარს გამოსძალა - 1500 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულები.
- გ.ლ-ს ბრალი დაედო გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონების გადაცემის მოთხოვნაში ჯგუფურად, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელსაც შეიძლება, არსებითად დაეზიანებინა დაზარალებულის უფლებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის ოქტომბერში გ. ლ-ე შპს „…..” ქსელში ჩართული ….. ნომრის მქონე სიმბარათიდან სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ნ. ლ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა შპს „…..” ქსელში ჩართული ნომერი …... თავის მხრივ, ნ. ლ-მ გ. ლ-ს რამდენჯერმე გაუგზავნა სასიყვარულო შინაარსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინება. აღნიშნულის შემდეგ, გ. ლ-მ ნ. ლ-ს მეზობელ გ. ხ-სთან წინასწარი შეთანხმებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გახმაურების მუქარით, რომ სასიყვარულო მიმოწერის შინაარსს შეატყობინებდა მის მეუღლეს _ ლ. ფ-ს, 2014 წლის 6 ნოემბერს ნ. ლ-ს ინტერნეტსაიტ „…..“ საშუალებით ააღებინა და გამოსძალა სწრაფი ონლაინსესხით მიღებული ფულადი თანხა - 500 ლარი; 2014 წლის 13 ნოემბერს სს „…..ბანკში” ააღებინა და გამოსძალა „…..სესხით” მიღებული ფულადი თანხა - 150 ლარი; 2014 წლის 19 ნოემბერს განვადებით შეაძენინა და გამოსძალა 1 350 ლარად ღირებული მეტალოპლასტმასის ერთი კარი და ორი ფანჯარა და 2015 წლის 2 იანვარს გამოსძალა 1500 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
გ. ხ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასა და დაზარალებულ ნ. ლ-ს მიმართ თანხების გამოძალვის ეპიზოდებში.
გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში (დაზარალებულ ნ. ლ-ს მიმართ ოქროს სამკაულების გამოძალვის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 22 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
გ. ლ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ს. ხ-ს (პირადი №…..) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. ….., რიონის ….. მდებარე 601.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №…..) 5000 ლარის ღირებულების წილს.
გამართლებულ გ. ლ-ს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადრე სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებისათვის ნასამართლევმა გ. ხ-მ 2015 წლის იანვარში, კერძოდ, 6 იანვრამდე, დაზარალებულ ნ. ლ-ს გამოსძალა - 1 500 ლარად ღირებული, სხვადასხვა სახის ოქროს სამკაულები, რასაც ერთვოდა დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელსაც შეიძლება არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები, ხოლო გ. ლ-ს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული არ ჩაუდენია.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, ასევე, მსჯავრდებულმა გ. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება გ. ლ-ს გამართლების ნაწილში და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ამავე განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ხ-თვის წარდგენილი ბრალდებიდან უსაფუძვლოდ ამორიცხული ნაწილის ბრალად შერაცხვა.
მსჯავრდებულმა გ. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება გ. ხ-ს მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულ გ. ხ-ს სასიკეთო ცვლილება: გ. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. გამართლებული გ. ხ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის საშუალებას, რომ გ. ხ-მ და გ. ლ-მ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონების გადაცემის მოთხოვნა ჯგუფურად, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელსაც შეიძლება, არსებითად დაეზიანებინა დაზარალებულის უფლებები. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა. შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. ხ-სა და გ. ლ-ს მიერ ნ. ლ-ს ქონების გამოძალვის ფაქტს. მათ მიერ დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით ფულადი თანხების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და ოქროს სამკაულების შესაძლო გამოძალვაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენება, რომელიც გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
მართალია, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებითა და სხვა საბანკო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნ. ლ-მ 2014 წლის 6 ნოემბერს ინტერნეტ საიტ „…..“ საშუალებით ნამდვილად აიღო ონლაინსესხი 500 ლარის ოდენობით, მანვე 2014 წლის 13 ნოემბერს სს „…..ბანკში” აიღო ექსპრესსესხი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 19 ნოემბერს განვადებით შეიძინა 1 350 ლარად ღირებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს სესხები ნ. ლ-ს გ. ხ-მ და გ. ლ-მ ააღებინეს იძულებითა და შანტაჟით და რომ მის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოსძალეს სესხის სახით აღებული თანხები და განვადებით შეძენილი კარ-ფანჯარა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეების: ლ. ფ-ს, ი. ო-ს, ნ. წ-ს, ხ. კ-ს, ნ. ფ-ს, ზ. ს-სა და ა. ლ-ს ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ ნ. ლ-ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას გ. ხ-სა და გ. ლ-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული გამოძალვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა გ. ხ-ა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და დაზარალებულ ნ. ლ-ს მიმართ თანხების გამოძალვის ეპიზოდებში, ხოლო გ. ლ-ე _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ჩამოაყალიბა მართებული და დასაბუთებული დასკვნა ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში გ. ხ-სა და გ. ლ-ს უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ. ლ-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, გ. ხ-ასა და გ. ლ-ს შეთანხმებას ოქროულობის გამოძალვის ეპიზოდში და გ. ხ-ს მონაწილეობას ნ. ლ-ს მიმართ თანხების გამოძალვის ეპიზოდებში, რასაც სააპელაციო პალატაც დაეთანხმა და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ლ-ს მიმართ ოქროს სამკაულების გამოძალვის ეპიზოდს, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები ბრალდების მითითებულ ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. ხ-ს უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ხ-ს მიერ დაზარალებულ ნ. ლ-ს ოქროს სამკაულების გამოძალვის ფაქტს, კერძოდ:
გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში ძირითადად ეფუძნება დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2015 წლის იანვარში, საღამოს საათებში, მას ბინაში შეუვარდა გ. ხ-ა და მოსთხოვა ოქროულობის გადაცემა, რაზედაც უარი განუცხადა. ამ დროს მას დანა ეჭირა ხელში და დაემუქრა, რომ თუ ოქროებს არ მისცემდა, ბავშვებს მოუკლავდა. ამის შიშით იძულებული გახდა, გ. ხ-სთვის მიეცა დაახლოებით 1500 ლარამდე ღირებულების სამკაულები. რამდენიმე თვის შემდეგ დაურეკა გ. ლ-მ და უთხრა, რომ ოქროს სამკაულები ბანკში ჰქონდა ჩაბარებული თავის სახელზე და თუ რამეს იტყოდა, იცოდა, რაც მოუვიდოდა, რა დღეშიც ჩავარდებოდა, ხოლო თავისი ოქროები თუ უნდოდა, შეეძლო, თვითონ გამოეტანა.
გარდა დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენებისა, საქმეში არსებული სხვა არც ერთი მტკიცებულება ვარაუდის დონეზეც კი არ მიუთითებს იმაზე, რომ გ. ხ-მ ოქროს სამკაულები გამოსძალა ნ. ლ-ს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სალომბარდო ხელშეკრულებების თანახმად, დაზარალებულის კუთვნილი ოქროს ნივთები ლომბარდში გ. ლ-მ ჩააბარა, ეს ვერ გამოდგება იმის მამტკიცებლად, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები გ. ხ-მ გამოსძალა დაზარალებულს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ გ. ლ-ს მიერ ლომბარდში ჩაბარებული ოქროს ნივთები გ. ხ-მ გამოსძალა ნ. ლ-ს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უტყუარად ისიც კი არ არის დადგენილი, რომ გ. ლ-ე და გ. ხ-ა საერთოდ იცნობდნენ ერთმანეთს ან რა ურთიერთობა ჰქონდათ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გ. ხ-ს მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელია, სათანადო მტკიცებულებითი ბაზის უქონლობის გამო. მსჯავრდების ამ ნაწილთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ძირითადად, ვარაუდებს ეყრდნობა, რასაც საფუძვლად არ უდევს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, ასეთის ფაქტობრივად არარსებობის გამო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ხ-სა და გ. ლ-ს მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მათი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. აქედან გამომდინარე, პალატამ მსჯავრდებულ გ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა: გ. ხ-ა უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში სრულად, მათ შორის - დაზარალებულ ნ. ლ-ს ოქროს სამკაულების გამოძალვის ეპიზოდშიც, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ფელიქს ჯალაღონიამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ლ-ს - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებებში გ. ხ-სა და გ. ლ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ლ-ს მიერ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №404აპ-16, №560აპ-16).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი