Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-908-1215-07 6 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ-აძე

წარმომადგენელი _ რ. ბ-აძე, თ. ჭ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ქ-აძე

წარმომადგენელი - დ. ყ-იძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საქმის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 13 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ქ-აძემ და მოითხოვა საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სამანქანე გზის აღდგენა. მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დაბა ჩაქვში, ა-ს ქუჩა ¹..-ში. 1977 წლიდან სახლს აქვს ერთადერთი მისასვლელი სამანქანე გზა, რომლითაც წლების განმავლობაში მისი ოჯახი სარგებლობს, აღნიშნული სამანქანე გზა მესამე თვეა თვითნებურად მიითვისეს მეზობლად მცხოვრებმა ა. და ი. ბ-ბმა. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სამანქანე გზის აღდგენა, ჭიშკრის მოშლა და მოწმეების დაკითხვა.

მოსამზადებელ სხდომაზე სათანადო მოსარჩელის სახით საქმეში ჩაერთო ა. ქ-აძე, ხოლო მოპასუხეთა შუამდგომლობით საქმიდან ამოირიცხა იაგო ბოლქვაძე, როგორც არასათანადო მხარე.

მოსარჩელე ა. ქ-აძემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი და დამატებით განმარტა, რომ 1966-1971 წლებში ჩამოსახლდა შუახევის რაიონიდან, დასახლდა დაბა ..., ა-ს ქუჩა ¹..-ში და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

მოპასუხის ა. ბ-აძის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოთხოვნილი ტერიტორია არის მოპასუხე ა. ბ-აძის საკუთრება და აუცილებელი გზით სარგებლობისათვის გააჩნიათ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რომლის გადახდაზეც მოსარჩელე მხარე უარს აცხადებს.

ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. ქ-აძის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ა. ბ-აძეს დაევალა მოსარჩელე ა. ქ-აძის საცხოვრებელი სახლისათვის აუცილებელი საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე მისასვლელი გზის აღდგენა, ასევე სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-აძის წარმომადგენლებმა რ. ბ-იძემ და თ. ჭ-იძემ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განუხილვლად დატოვა სააპელაციო საჩივარი დაუშველობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ა. ბ-აძის წარმომადგენლებმა რ.ბ-ემ და თ. ჭ-იძემ კერძო საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში. მათ აღნიშნეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი. მათ დროულად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, გადაიხადეს დადგენილ ვადაში - 2007 წლის 9 ოქტომბერს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ბ-აძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-აძის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ბ-აძეს არ ჩაჰბარებია პირადად განჩინება მისი არყოფნის გამო, მაგრამ ა. ბ-აძის წარმომადგენლებს - რ. ბ-აძისა და თ. ჭ-იძეს განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 2 ოქტომბერს. აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარზე მითითებულია, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2007 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნული ქვითარი სასამართლოში წარმოადგინა 2007 წლის 10 ოქტომბერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ა. ბ-აძეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა ამასთან განმარტავს, რომ როცა არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო განჩინებით მხარეს აძლევს ვადას ხარვეზის შესავსებად, სადაც განუმარტავს იმ შედეგს, რაც შეიძლება მოჰყვეს ხარვეზის შეუვსებლობას, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ მხარემ სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი უნდა იქნეს სასამართლოში წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება აღნიშნული ქვითრის წარმოუდგენლობა სასამართლოში ჩაითვალოს დარღვევად და ვადის გადაცილებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან ა. ბ-აძის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა ბანკში დროულად, სააპელაციო სასამართლოს განუხილველად დატოვების განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ბ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.