Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-909-1117-08 11 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-შვილი

წარმომადგენელი _ მ. პ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ანი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 11 ივლისს ნ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე იოსებ ნიჟარაძისა და ა. ო-ანის მიმართ და მოითხოვა იოსებ ნიჟარაძესა და ა. ო-ანს შორის 1997 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა დამხმარე და სამეურნეო ნაგებობების გასხვისების ნაწილში და მათი კვლავ თავის საკუთრებაში აღრიცხვა, ასევე იოსებ ნიჟარაძეზე ნასყიდობის თანხიდან მიუღებელი 1100 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. პ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ნ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. პ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმება და გასაჩივრების ვადის გადაცილების საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-შვილი არის ინვალიდი პენსიონერი, იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევა და დამოუკიდებლად არ შეუძლია თავისი უფლებების დაცვა, ხოლო თავად იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და აგვისტოს საომარი მოვლენების გამო ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანა სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ნ. მ-შვილს ჩაჰბარდა 2008 წლის 30 ივლისს (ს.ფ. 221), ხოლო მისმა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2008 წლის 15 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2008 წლის 13 აგვისტო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

მითითებული მუხლის თანახმად, კანონისმიერი ვადის აღდგენა დაუშვებელია თუ კანონი თვითონ კრძალავს ამას (369-ე, 397-ე, 416-ე მუხლები), მაგრამ თუ ეს აკრძალული არაა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს ვადა, თუ ამ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.

კერძოO საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ნ. მ-შვილი არის ინვალიდი პენსიონერი, იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევა და დამოუკიდებლად არ შეუძლია თავისი უფლებების დაცვა, ხოლო თავად იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და აგვისტოს საომარი მოვლენების გამო ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანა სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, კანონი თავად კრძალავს კანონისმიერი ვადის აღდგენას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამდენად, ნ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. პ-შვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი მართებულად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ნ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.