Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-910-1217-07 28 იანვარი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ღ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ღ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო.-ის” მიმართ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მუშაობდა ქ.თბილისის ტრესტ „ს.-ის“ “ს.-ში”, რომლის სამართალმემკვიდრეა მოპასუხე შპს „ო.-ნი“. ზ. ღ-ძე იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე, თუმცა მას ბინა არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალედევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი მხარემ ჩაიბარა 2004 წლის 21 ივლისს და გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი. მითითებული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2005 წლის 26 იანვარს, თუმცა ზ. ღ-ძეს იგი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია და განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

2007 წლის 7 აგვისტოს ზ. ღ-ძემ კვლავ სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ზ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეტანილია ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით, 266-ე მუხლით და ჩათვალა, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ზ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარზე და განუხილველად დატოვა იგი, ხოლო ხელმეორედ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მხარეს არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ღ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ზ. ღ-ძის მიერ თავდაპირველად შეტანილი სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ვინაიდან აპელანტი ინვალიდია და სოციალურად დაუცველ პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რის გამოც სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებულია. ამასთან, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა კანონის ანალოგიით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალედევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ღ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის _ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველი, რაც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.

2007 წლის 7 აგვისტოს ზ. ღ-ძემ კვლავ სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას და პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ღ-ძემ ჩაიბარა 2004 წლის 21 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 2007 წლის 7 აგვისტოს, ამდენად, აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია და სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინება ზ. ღ-ძის თავდაპირველი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე იმის შესახებ, რომ ზ. ღ-ძე კანონით უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და აღნიშნული საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.