Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №554აპ-17 ქ. თბილისი

ლ-ე დ., 554აპ-17 27 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით დ. ლ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა დ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა.

დ.ლ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 7 ივნისიდან.

2. აღნიშნული განაჩენით დ. ლ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე,….., …..ქუჩაზე, დ. ლ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ბასრი საგნით გულმკერდის უკანა კედელზე, მარცხნივ, შინაგანი ორგანოების დაზიანებით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მ. ბ-ს, რომელიც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2016 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ლ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ-მ და ე. ზ-მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დ. ლ-მ ნამდვილად ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და მიუთითა შემდეგი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ს დაჭრამდე ნამდვილად მოხდა ჩხუბი და დაპირისპირება მ. ბ-სა და დ. ს-ს შორის. დადგენილია ისიც, რომ გაბრაზებულმა მ. ბ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა. დ. ლ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი დადგენილია მოწმე თ. ჩ-ს ჩვენებით, რომელიც იქვე, ახლოს იმყოფებოდა და თავად სცადა დაპირისპირებული მხარეების დაწყნარება, მაგრამ დ-მ მკაცრად გააფრთხილა, რომ არ ჩარეულიყო სხვის საქმეში. თ. ჩ-მ ზუსტად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები კონფლიქტის დაწყებიდან დამთავრებამდე. მისი ჩვენება დამაჯერებელია, ვინაიდან იქვე, ახლოს იმყოფებოდა და ჩხუბის მეორე ნაწილის დაწყებისას მხოლოდ ის ხედავდა მოწინააღდეგე მხარეებს, ვიდრე სხვებიც მივიდოდნენ. იგი კარგად იცნობდა მსჯავრდებულს. მისი განმარტებით, ის …..ქუჩაზე მცხოვრები ….., იგივე დ. ლ-ეა. თ. ჩ-მ დაინახა, როგორ დაარტყა ხელი ლ-მ ბ-ს ბეჭის არეში, თუმცა შემდეგ გამშველებელი მეზობლები ჩამოეფარნენ და ვეღარ ხედავდა ლ-ს.

დ. ლ-ს ჩხუბის ადგილზე ყოფნას ადასტურებს მოწმე ლ. ყ-ც, რომელმაც კარგად დაინახა ლ-ე და სხვა ბიჭები, რომლებიც გაბრაზებული იყვნენ და მ-ს სახელს ახსენებდნენ. მოგვიანებით კი ლ. თ-საგან შეიტყო, რომ ლ-მ მ. ბ-ე სასიკვდილოდ დაჭრა. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნია ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მ. ბ-ს სისხლის კვლები, გენეტიკური პროფილი დ.ლ-ს ფეხსაცმელის ძირებზეა აღმოჩენილი, რაც იმთავითვე ადასტურებს ლ-ს ადგილზე ყოფნას. ორ პირის ურთიერთშეხების დამადასტურებელია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ბ-ს ტანსაცმელზე აღმოჩენილ მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს აქვს საერთო გვაროვნული კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ.ლ-ის ჯინსის შარვლის ქსოვილის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არაა მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები.

კონკრეტულ შემთხვევაში დ. ლ-ს მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებების სიძლიერე (გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, თ. ჩ-ს ჩვენება, ბოჭკოების ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა) ამყარებს ძირითად მტკიცებულებას - დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ბ-ს ჩვენებას, რომელიც მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეა და რომელმაც დაინახა, თუ როგორ დაარტყა დ. ლ-მ დანა მის მეუღლეს - მ. ბ-ს.

აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ.ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულ დ. ლ-ს ბრალეულობას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ.ლ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება (მაგალითისათვის იხ. №424აპ–16).

10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ბ-ს ჩვენებას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, პირდაპირი მოწმეების - მ.ბ-სა და თ. ჩ-ს, სხვა მოწმეთა ჩვენებებით, გენეტიკური (ბიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ დ. ლ-მ ჩაიდინა მ. ბ-ს განზრახ მკვლელობა.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი