Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-912-1219-07 24 მარტი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჩ-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-აძემ 2006 წლის 24 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. ჩ-აძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გამოთხოვა.

სარჩელის თანახმად, ავტომანქანა “ვაზ-21063”, სახელმწიფო ნომრით ...-86, ცისფერი, რომლის ტექნიკური მონაცემებია: ძრავი _ 8572982, ძარა _ 1407627, ტექნიკური პასპორტი _ HG 0005500, წარმოადგენს ნ. ჩ-აძის საკუთრებას. აღნიშნული ავტომანქანა უკანონოდ იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და ეს უკანასკნელი უარს აცხადებს მის ნებაყოფლობით დაბრუნებაზე (ს.ფ. 2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ჩ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 27-29).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. ჩ-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით გ. ჩ-აძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (ს.ფ. 43).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 46-48).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 53-54).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ ნ. ჩ-აძე და გ. ჩ-აძე. გადაწყვეტილება გამოტანილია გ. ჩ-აძის მიმართ. სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა გ. ჩ-აძემ ანუ არა იმ პირმა (გ. ჩ-აძემ), ვინც გადაწყვეტილების მხარეს წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი, რის გამოც იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 56-57).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება გ. ჩ-აძეს ჩაბარდა 2007 წლის 14 თებერვალს (ს.ფ. 69). მის მიერ აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მიეთითა ნ. ჩ-აძე, ხოლო მოვალედ _ გ. ჩ-აძე (ს.ფ. 73).

2007 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განცხადება წარადგინა ნ. ჩ-აძემ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, მასში მოპასუხედ დასახელებული გ. ჩ-აძის შეცვლა გ. ჩ-აძით (ს.ფ. 75-76).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება იმგვარად, რომ ნაცვლად მოპასუხე გ. ჩ-აძისა მიეთითა გ. ჩ-აძე (ს.ფ. 90-92).

აღნიშნული განჩინების მიღების შემდგომ, 2007 წლის 3 აგვისტოს, გ. ჩ-აძემ კვლავ წარადგინა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 94-95).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც გ. ჩ-აძე ითხოვდა, კანონიერ ძალაში იყო შესული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 101-103).

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჩ-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შემდეგ, იგი უფლებამოსილი გახდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა ხელმეორედ, რამდენადაც დასახელებულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა იმგვარად, რომ მოპასუხე გ. ჩ-აძის ნაცვლად, მიეთითა გ. ჩ-აძე.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მოცემული დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას, რადგან კანონის აღნიშნულ ნორმაში საუბარია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც არაუფლებამოსილი პირის _ გ. ჩ-აძის მიმართ იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში ვერ შევიდოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეებს ჩაბარდებათ მისი ასლი. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს _ გ. ჩ-აძეს, წაერთვა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც შედეგადაც დაირღვა მისი უფლება (ს.ფ. 106-107).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მოცემულ შემთხვევაში გ. ჩ-აძე, რეალურად, წარმოადგენს იმ პირს, ვის მიმართაც გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, მაგრამ მას არ მიეცა აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა იმის გამო, რომ გადაწყვეტილებაში იგი მოხსენიებული არ იყო. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-აძე არ იქნა მიჩნეული პირად, რომლის მიმართ გამოტანილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული სწორედ ამ მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ ნ. ჩ-აძე და გ. ჩ-აძე, სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა გ. ჩ-აძემ ანუ არა იმ პირმა (გ. ჩ-აძემ), ვინც გადაწყვეტილების მხარეს წარმოადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შესწორდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით და ნაცვლად გ. ჩ-აძისა, მოპასუხედ მიეთითა გ. ჩ-აძე. აღნიშნული განჩინების ჩაბარებისთანავე გ. ჩ-აძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-აძე არ არის მიჩნეული პირად, რომლის მიმართაც გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად ვერ ჩაითვლება, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას უკავშირებს მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას. აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც ის გარემოება, რომ გ. ჩ-აძეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება არ გაუსაჩივრებია. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარის უფლებაა, რაზეც მხარის მიერ უარის თქმა არ იძლევა გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, აღნიშნული განჩინების გასაჩივრება არ შედიოდა გ. ჩ-აძის ინტერესში, რამდენადაც მისი არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მის მიმართ აღსრულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ ამავე სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით დადგინდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დადგენილისაგან განსხვავებული გარემოება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო გ. ჩ-აძის მიმართ. აღნიშნულის შემდეგ გ. ჩ-აძეს მიეცა სააპელაციო საჩივრის თავისი სახელით შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რაც მან გამოიყენა კიდეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჩ-აძეს არ შეიძლება წაერთვას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება და მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე არ ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას. შესაბამისად, გ. ჩ-აძის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჩ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და გ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.