Facebook Twitter

№ას-913-1121-08 12 დეკემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორი – ბ. პ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ბ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. შპს „ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 410628 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

აღნიშნული გდაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა. სააპელაციო პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „ბ–ის“ წარმომადგენელს დაევალა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა ხარვეზი არ შეავსო.

სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს „ბ-ის“ წარმომადგენელმა, სადაც აღნიშნა, რომ შპს „ბ–ი“ ლიკვიდირებულია, მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ბ“, იმავდროულად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ-ის“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს „ბ–ის“ მიმართ სს „საზღვაო ბანკის“ სარჩელთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს „ბ–ის“ ლიკვიდაციის რეგისტრაცია განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით. სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხე მხარედ დასახელებული შპს „ბ–ი“ უკვე ლიკვიდირებული იყო. საქმეში არ მოიპოვებოდა მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლიკვიდირებული საზოგადოების წინააღმდეგ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს სათანადო დმტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შპს „ბ–“ წარმოადგენს შპს „ბ–ის“ უფლებამონაცვლეს, შპს „ბ–-1-ის“ წარმომადგენლის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასწორად დაადგინა, რომ „ბ–“ არ წარმოადგენს „ბ–ის“ უფლებამონაცვლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციის გამოტანილილ გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს) და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ პირთა უფლებამონაცვლეებს, მათ შეუძლიათ შეასრულონ ყველა ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების უფლება ექნებოდა მის წინამორბედს, რომ არ გასულიყო საქმიდან (სსსკ-ის 92-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე, სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ბ–-ის“ წარმომადგენელმა, სადაც აღნიშნა, რომ წარმოადგენდა შპს „ბ–ის“ უფლებამონაცვლეს.

სასამართლომ „ბ–1-ის“ წარმომადგენელს დაუნიშნა ვადა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. შპს „ბ–ის“ წარმომდგენელმა არ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტი, მიუხედავად ამისა სასამართლომ „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი ჩათვალა „ბ–1-ის“ სააპელაციო საჩივრად, წარმოებაში მიიღო „ბ–1-ის“ სააპელაციო საჩივარი, განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც. ამასთან, დადგენილად ცნო, რომ შპს „ბ–1“ არ წარმოადგენს შპს „ბ–ის“ უფლებამონაცვლეს“. ამდენად, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მთავარ სხდომაზე გამოარკვია, რომ „ბ–1“ არ წარმოადგენს „ბ–ის“ უფლებამონაცვლეს, ჩათვალა, რომ შპს „ბ–1-ის“ მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა არაუფლებამოსილი პირის არარსებული სააპელაციო საჩივარი (სააპელაციო საჩივარი შეიტანა „ბარელიმ“ და არა „ბარელი-1-მა“). თუ „ბარელი-1“ არ წარმოადგენს „ბარელის“ უფლებამონაცვლეს, სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, იგი არც გასაჩივრებაზე არ არის უფლებამოსილი პირი, შესაბამისად „ბ–ის“ მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი არ შეიძლება მივიჩნიოთ „ბ-1-ის“ მიერ შეტანილად.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განიხილოს შპს „ბ–1-ის“ განცხადება უფლებამონაცვლით შეცვლის თაობაზე და იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო ამ განცხდებას არ დააკმაყოფილებს, მაშინ სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად უნდა იმსჯელოს შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი

თ. თოდრია