Facebook Twitter

ბს-1081-661(კ-05) 31 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა:

კ. კუბლაშვილი (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

მ. გოგიშვილი,

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე,

რ. ნადირიანი,

ი. ბიბილაშვილი

დავის საგანი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 13 აგვისტოს ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1984წ. მარტიდან 2004წ. 14 ივლისამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, აქვს მუშაობის უწყვეტი სტაჟი, ბოლო პერიოდში მუშაობდა სამინისტროს იურიდიული პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მთავარ ...ად.

საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და შეიქმნა ლიკვიდირებული სამინისტროს უფლებამონაცვლე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც გადაეცა მისი უფლება-მოვალეობანი მთლიანად, ანუ არ შეწყვეტილა ყოფილი სამინისტროს საქმიანობა, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სრულიად შეუსაბამოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ლიკვიდაციასთან.

მოსარჩელის მითითებით, 2004წ. 25 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ ყველა მოხელე გაფრთხილებულ იქნა ერთი თვის ვადაში მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მაგრამ, ფაქტობრივად, გაფრთხილებიდან სამთვენახევრის დაგვიანებით სამინისტროს ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან სამინისტროს 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანების საფუძველზე, რაც, მოსარჩელის მითითებით, ეწინააღმდეგებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს.

ამასთან, ახლად შექმნილ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შენარჩუნდა იმავე რაოდენობის საშტატო ერთეული, რომელიც დამტკიცებული იყო ყოფილი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში, აქედან გამომდინარე, ყველა თანამშრომელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სამუშაო ადგილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანების ბათილად ცნობას, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

მოპასუხემ _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინიტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არასწორია მოსარჩელის მითითება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 108-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით განხორციელდა სამინისტროს ლიკვიდაცია, გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც მოსარჩელე საქმიანობდა და ახლად შექმნილ სამინისტროში ჩამოყალიბდა ახალი იურიდიული სამსახური, სადაც სამუშაოდ მიიღებიან იურიდიული განათლების მქონე პირები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ზ. ბ-ი განათლებით იყო ეკონომისტი და არ გააჩნდა იურიდიული განათლება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით განხორციელდა სამინისტროს ლიკვიდაცია, რასაც შედეგად მოჰყვა საშტატო განრიგის გაუქმება და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება, რის გამოც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება იყო კანონიერი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც შელახა მისი შრომითი უფლებები. სამინისტრომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე, 93-ე, 96-ე, 97-ე, 112-ე, 127-ე და შკკ-ის მე-17, 34-ე, 35-ე, 41-ე მუხლების დარღვევით, ისე, რომ არ გაითვალისწინა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლი, რომელიც არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაციას. ამდენად, აპელანტის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა სასამართლოს მიერ განიხილება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის საფუძველზე, აპელანტის მითითებით, ეს არის იმპერატიული მოთხოვნა და იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანება არ შეესაბამებოდა აღნიშნული კანონის 35-ე მუხლს, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 279-ე მუხლის “ე” პუნქტით და სადავო ბრძანება ეცნო ბათილად, როგორც, იერარქიის თვალსაზრისით, დაბლა მდგომი.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სამინისტროს მოხელეები მოსალოდენლი გათავისუფლების თაობაზე არ გაუფრთხილებია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლით დადგენილი წესით. იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს გაფრთხილებიდან სამთვენახევრის გასვლის შემდეგ.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით სამინისტროს ლიკვიდაცია არ მომხდარა, ფაქტობრივად, განხორციელდა მისი რეორგანიზაცია იმავე საშტატო რიცხოვნობის შენარჩუნებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანების ბათილად ცნობას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში უფროსი ...ის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაცო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 2004წ. 11 თებერვლის კანონით განსაზღვრულ სამინისტროთა ჩამონათვალში არ შევიდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით დადასტურდა სამინისტროს ლიკვიდაცია, დამტკიცდა სამინისტროს სალიკვიდაციო კომისია, ამავე ბრძანებულების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, რაც, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ განხორციელდა სამინისტროს ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციას მითითებული მუხლი იმპერატიულად ავალდებულებს შესაძლო გათავისუფლების თაობაზე ერთთვიანი ვადის დაცვას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ გამოყენებულ იქნეს მინიმალურ ვადაზე მეტი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის აშკარა კანონდარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების მე-6, მე-12 პუნქტებისა და მე-14 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის უხეში დარღვევით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე, 93-ე მუხლების, 96-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, 97-ე მუხლის მე-2, მე-3 პუქტების, 112-ე მუხლის, 127-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-15, 21-ე, 22-ე, მე-17, 29-ე მუხლებისა და შკკ-ის მე-17, 34-ე, 35-ე, 41-ე, 42-ე, მე-2 მუხლების, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-19, 30-ე მუხლების უხეში დარღვევით სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მთავარი ...ის თანამდებობიდან და ამ სამინისტროს უფლებამონაცვლე სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიულ სამმართველოში არ მიიღეს მთავარ ...ად.

კასატორის განმარტებით, განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლში არ იყო მოხსენიებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაცია, ასევე, არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გამომდინარე აქედან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, სამთავრობო დაწესებულებებში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა სასამართლოს მიერ განიხილება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის საფუძველზე და ეს იმპერატიული მოთხოვნაა. სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, სადაც მითითებულია, რომ, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება კანონის მიხედვით. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონს უპირატესი ძალა აქვს კანონქვემდებარე აქტების მიმართ, გამომდინარე აქედან, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო მინისტრის ბრძანება. ამასთან, დარღვეულია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნა აღნიშნულ ბრძანებულებასა და მინისტრის ბრძანებას არ ახლავს განმარტებითი ბარათი და სხვა დოკუმენტაცია.

კასატორის მითითებით, სასამართლო კოლეგიამ ფაქტობრივად დააკმაყოფილა მოპასუხის შესაგებელი, რომელმაც, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიუთითა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციამ სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ნაწილს 2004წ. 25 მარტს წარუდგინა ე.წ გაფრთხილების ფურცელი სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, იმპერატიული მოთხოვნით, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ე.წ გაფრთხილებიდან სამთვენახევრის გასვლის შემდეგ. სასამართლოს მოსაზრებით, ერთთვიანი ვადის შეცვლა სამთვენახევრიანი ვადით თითქოს დარღვევა არ არის, ვინაიდან ამ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა და ხელფასს იღებდა. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მითითებული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების მე-6 პუნქტს, რომლის შესაბამისად, სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიას მუშაობა უნდა დაემთავრებინა 2004წ. 12 მაისს, ასევე ეწინააღმდეგება ამ ბრძანებულების მე-12 პუნქტს, რომლის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ “განუხრელად უნდა იქნეს დაცული გაფრთხილების ვადები”. ამ შემთხვევაში გაფრთხილების ფურცელს არავითარი მტკიცებულების ძალა არ ჰქონდა, მან ძალა დაკარგა 2005წ. 25 აპრილს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-7 პუნქტი ავალდებულებდა სამთავრობო დაწესებულებებს ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, ე.ი. 12 მაისამდე, საქართველოს პარლამენტში წარედგინა ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციების განაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. ამის შესაბამისად, განისაზღვრა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მუშაობის დამთავრება 2004წ. 12 მაისამდე.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების მე-14 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი. ამ პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფუნქციები გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ამ სამინისტროს უფლებამონაცვლეს, ისე, რომ არ შეწყვეტილა სამინისტროს საქმიანობა. ფაქტობრივად, განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, ამავე დროს შენარჩუნდა იმავე რაოდენობის 189 საშტატო ერთეული, რაც 2004წ. 1 იანვრისთვის გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინიტროსათვის, რაზეც სასამართლოს უნდა ემსჯელა.

მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი უფლებამონაცვლის შექმნა არ წარმოადგენს ლიკვიდაციის საფუძველს, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინიტროში განხორციელდა არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია.

სამინისტროს იურიდიულ სამმართველოში საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა, პირიქით, ერთი ერთეულით გაიზარდა და ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღეს გარეშე პირი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო მოპასუხის არასწორ შესაგებელს და არასწორ მოსაზრებებს, არასწორი შეფასება მისცა საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომლიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კასატორი ა. ბ-ი 1984წ. მარტიდან 2004წ. 14 ივლისამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2004წ. 25 მარტს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, მათ შორის, კასატორი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაფრთხილდა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004წ. 14 ივლისის ¹53-კ ბრძანებით კასატორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის I ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტების დარღვევის თაობაზე და მიუთითებს შემდეგზე:

კასატორ ზ. ბ-ის მოთხოვნის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”' საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაციას, ამასთან საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების მე-14 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული აქტებიდან გამომდინარე, არსებობს სამინისტროს რეორგანიზაციის და არა ლიკვიდაციის ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მსჯელობა ემყარება კანონის ნორმათა არასწორ განმარტებას და კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად შექმნილ 13 სამინისტროს შორის ერთ-ერთ სამინისტროდ, ნაცვლად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსი, მიუთითებს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე.

ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს სახელმწიფო დეპარტამენტების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად რეორგანიზაციასა და მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემაზე, ხოლო 35-ე მუხლის მე-8 ნაწილით კი დადგენილია, რომ ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები უნდა ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლეებად.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული მუხლი არ შეიცავს არანაირ მითითებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა მიიჩნევს, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი შემოიფარგლა სამინისტროსათვის სახელის შეცვლით და მოცემულ კანონს არ განუსაზღვრია სამინისტროს ლიკვიდაციისა თუ რეორგანიზაციის საკითხი. აღნიშნული საკითხი გადაწყდა საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით, რომლის პირველი პუნქტიც ერთმნიშვნელოვნად ადგენს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაციას.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების კანონიერება სადავოდ არ ქცეულა საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე.

ის გარემოება, რომ ამავე ბრძანებულების მე-14 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსაზრებით, არ ცვლის ამავე ბრძანებულების I ნაწილს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საუბარია სამინისტროს მხოლოდ მმართველობით-ფუნქციონალურ უფლებამონაცვლეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული პუნქტი გამორიცხავდა ამავე ბრძანებულების I პუნქტს, რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაციაზე.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებას შორის ნორმათა კოლიზიაზე, ვინაიდან ნორმათა კოლიზია მაშინ ხდება, როცა ერთი და იმავე შემთხვევის, ერთი და იმავე ურთიერთობის რეგულირება გათვალისწინებულია ორი ან რამდენიმე ნორმით, რომლებიც თავისი შინაარსით არ შეესაბამება ერთმანეთს და სხვადასხვანაირად წყვეტს ერთსა და იმავე საკითხს.

იმის გათვალისწინებით, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან მიმართებაში არ ადგენს რაიმე სპეციალურ ნორმებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულებაში საუბარია წინამდებარე სამინისტროს ლიკვიდაციაზე, კასატორის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის სამსახურიდან დათხოვნისას არ დარღვეულა ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.