განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-914-1221-07 16 იანვარი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ლ-შვილ-ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 28 თებერვალს რ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილ-ს-ძის მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების კუთვნილი წილიდან ვალის დაფარვა, კერძოდ, დაზუსტებული სარჩელით მიუთითა, რომ 1990-1992 წლებში მოპასუხეებს ასესხა თანხა, რომელიც მათ ნაწილ-ნაწილ გადასცა, 1990 წლის აპრილში _10000 მანეთი, 1992 წლის იანვარში _ 7000 მანეთი, ხოლო 1992 წლის მაისში-8000 მანეთი. მოსარჩელის განმარტებით, მ. ლ-შვილ-ს-ძემ 1992 წლის მაისში 8000 მანეთის მიღების ფაქტი წერილობით დაადასტურა, აღნიშნული ვალი მეუღლეთა საერთო ვალია, რის გამოც მოითხოვა სესხის დაბრუნება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ძის სასარგებლოდ ა. ს-ძისათვის დაკისრებული 6517 ლარი და 50 თეთრი ცნობილ იქნა მეუღლეების ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილი-ს-ძის საერთო ვალად. მ. ლ-შვილ-ს-ძის სახელზე ქ. თ-ში, ლ. ა-ს ქ.¹..-ში მდებარე ბინა ცნობილ იქნა მეუღლეთა _ მ. ლ-შვილ-ს-ძისა და ა. ს-ძის თანასაკუთრებად, ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილ-ს-ძის საერთო ვალის _6517,5 ლარის გადახდა დადგინდა მათ თანასაკუთრებაში არსებული მ. ლ-შვილ-ს-ძის სახელზე რიცხული ბინის იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-შვილი-ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორ _ მ. ლ-შვილ-ს-ძის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ლ-შვილ-ს-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ლ-შვილ-ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
აღნიშნული ნორმების თანახმად, როდესაც მოპასუხე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინააღმდეგია, მაშინ სასამართლომ უნდა გაარკვიოს თანახმა იქნება თუ არა მოპასუხე, სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვოს. თანხმობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ლ-შვილ-ს-ძესა და მის წარმომადგენელ დ. ა-ძეს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, რომელიც მ. ლ-შვილ-ს-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 7 ივლისს (ს.ფ.118), ხოლო მის წარმომადგენელს ვერ ჩაჰბარდა, ვინაიდან ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინების თანახმად, დ. ა-ძე მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორი არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას აღნიშნული უწყება პირადად არ ჩაჰბარებია, არამედ, როგორც მოგვიანებით შეიტყო, მის შვილს _ დ. ს-ძეს, რომელიც აგვისტოში რეზერვისტად წავიდა ჯარში, მისთვის არც უწყება გადაუცია და არც მისი შინაარსი უცნობებია, რაც შეეხება მის წარმომადგენელს, იგი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს და შესაძლოა უწყების მიტანის პერიოდისთვის არ იმყოფებოდა სახლში, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ უწყება პირადად მას ჩაჰბარდა 2007 წლის 7 ივლისს (ს.ფ. 118). ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ უწყება გაეგზავნა როგორც მხარეს, ასევე წარმომადგენელს და ეს უწყება ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ჩაბარების თაობაზე, მხარემაც და წარმომადგენელმაც ერთმანეთს უნდა აცნობონ. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, აგრეთვე, თუ იგი ჩაჰბარდათ იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შესაბამისად, უწყება მის შვილსაც რომ ჩაჰბარებოდა, მითითებული ნორმის თანახმად, ჩაბარებულად ითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ლ-შვილ-ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.