¹ას-915-1123-08 12 ნოემბერი 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ც. ქ-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “თ-ა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ქ-აძემ, მოპასუხედ დაასახელა შპს „თ-ა“ და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ცნობა.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ქ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ქ-აძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ც. ქ-აძის სააპელაციო საჩივარი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოსარჩელე ც. ქ-აძეს ჩაბარდა პირადად, 2008 წლის 13 აგვისტოს.
ასევე დადგენილია, რომ ც. ქ-აძემ სააპელაციო საჩივარი თერჯოლის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 1 სექტემბერს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ც. ქ-აძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2008 წლის 13 აგვისტოს შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 27 აგვისტო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ქ-აძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ის წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელსაც ექიმმა ლ. ლ-შვილმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრაზე.
ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მან სააპელაციო საჩივარი დროულად შეიტანა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ დააგვიანა საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ც. ქ-აძეს ჩაბარდა 2008 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ123).
ასევე დადგენილია რომ ც. ქ-აძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 1 სექტემბერს (ს.ფ.127).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს არავითარ სამართლებრივ ნორმაზე რაც შეიძლება გახდეს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი. ასევე ვერ იქნება გაზიარებული მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან დროულად შეიტანა სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ც. ქ-აძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლები
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ქ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.