¹ას-915-1198-09 9 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ უ. ო-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ ბრძანებების, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 15 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა უ. ო-ძემ მოპასუხე ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. უ. ო-ძისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 26 სექტემბრის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ. მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 30 ოქტომბრის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობა; გ. უ. ო-ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹17 ბრძანების ბათილად ცნობა; დ. ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორისათვის მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით გათავისუფლდა სოფელ დავათის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დისციპლინური სახდელების _ გაფრთხილების, საყვედურის და სასტიკი საყვედურის გამოყენება, რომელთა შესახებ მისთვის არ უცნობებიათ და შრომის წიგნაკში აღნიშნული სახდელების გამოყენების შესახებ შესაბამისი ჩანაწერი არ გაკეთებულა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ეთიკის წესების დარღვევას მის მხრიდან ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 1-10).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით უ. ო-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის 2008 წლის 12 ნოემბრის ბრძანება, ლაფანაანთკარის საჯარო სკოლას დაევალა უ. ო-ძე აღედგინა დავათის დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის 2008 წლის 26 სექტემბრისა და 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებები უ. ო-ძისათვის გაფრთხილების, ასევე მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ მიღებული იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ თანხმობაზე მიუთითებდა უ. ო-ძის მიერ ბრძანების ჩაუბარებლობის აქტზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის ხელმოწერა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება სამეურვეო საბჭოს მიერ უ. ო-ძის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ. ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის და სკოლის მასწავლებლების მიერ 2008 წლის 26 სექტემბერს, 20 და 30 ოქტომბერს შედგენილი აქტების თანახმად, უ. ო-ძემ არ ჩაიბარა მის მიმართ დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტების უსწორობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ უ. ო-ძის მიმართ დისციპლინური სახდელები გამოყენებული იყო შინაგანაწესის დაცვით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უ. ო-ძე სამსახურიდან გათავისუფლდა სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, რაც სამუშაოზე აღდგენის საფუძველია, ვინაიდან უნდა ჩატარებულიყო დისციპლინური დევნა კანონით და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო სკოლის დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილება (ს.ფ. 139-149).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგული ვართუმაშვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიმართ ხორციელდებოდა დისციპლინური დევნა, რაც დასტურდება საქმის მასალებით. სკოლის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი აქტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არ იბარებდა მის მიმართ მიღებული საყვედურების შესახებ გამოცემული ბრძანებების ასლებს (ს.ფ. 156-169).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის წარმომადგენელ ლ. ა-შვილს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 16 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვალა ასევე ლაფანაანთკარის საჯარო სკოლისათვის. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 3 აგვისტოს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 189-192).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგული ვართუმაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის წარმომადგენელი ლ. ა-შვილი სასამართლო პროცესში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი. ლ. ა-შვილს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 16 ივლისს, როდესაც იგი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო ინგული ვართუმაშვილს გადაწყვეტილება გადაეცა 2009 წლის 22 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ლაფანაანთკარის საჯარო სკოლამ, როგორც მოპასუხემ, პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (ს.ფ. 197-198).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის წარმომადგენელ ლ. ა-შვილს, რომელსაც მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება მარწმუნებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა, პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 16 ივლისს (ს.ფ. 155, 74,107).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის წარმომადგენელ ლ. ა-შვილისათვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება წარმოადგენდა აპელანტისათვის მის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 17 ივლისს და დასრულდა 2009 წლის 30 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში სააპელაციო საჩივარი არ წარდგენილა, აღნიშნული განხორციელდა მხოლოდ 2009 წლის 3 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლამ გაუშვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად მიჩნევის საფუძვლის არსებობის შესახებ იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დროისათვის, 2009 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, ლ. ა-შვილი იმყოფებოდა შვებულებაში და აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლას რეალურად 2009 წლის 22 ივლისს ჩაჰბარდა. აღნიშნულ პერიოდში წარმომადგენელ ლ. ა-შვილს შეწყვეტილი არ ჰქონია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, მისი შვებულებაში ყოფნა გავლენას ვერ მოახდენდა მისთვის გზავნილის ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩაბარებად მიჩნევაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.