Facebook Twitter

№ას-917-1124-08 8 დეკემბერი, 2008წ

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ე. ჩ-ავა (წარმომადგენელი შ.ბ.)

მოპასუხე _ დ. ჩ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. გ-ხია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების გაყოფა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. გ-ხიამ მოპასუხე დ. ჩ-ავას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დიმიტრი და ე. ჩ-ავებს შორის 2005 წლის 4 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანასაკუთრებაში არსებული _ თბილისში, .... ქ. №7-ში მდებარე №18 ბინიდან მისთვის წილის რეალურად გამოყოფა (ს.ფ. 2-4).

მოგვიანებით ლ. გ-ხიამ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა, რომელშიც დ. ჩ-ავასთან ერთად მოპასუხედ ე. ჩ-ავა დაასახელა. ამჯერად მოსარჩელემ მოითხოვა დიმიტრი და ე. ჩ-ავებს შორის 2005 წლის 4 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სადავო ბინაზე ე. ჩ.-ას საკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №19918/2005 სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, აგრეთვე დ. ჩ-თან თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა და თბილისში, ..... ქ. №7-ში მდებარე №18 ბინიდან 2 ოთახის მის საკუთრებაში აღრიცხვა (ს.ფ. 46-47).

სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ ლ. G. მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1999 წლის 2 ივნისიდან. მათ ჰყავთ შვილი _ დ. ჩ. მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, ..... ქ. №7-ში. ბავშვის ბრონქიალური ასთმით ავადმყოფობის გამო ექიმის რჩევით მოსარჩელე დროის უმეტეს პერიოდს შვილთან ერთად ატარებდა თბილისში შეძენილ ბინაში. წელიწადზე მეტია მოსარჩელე მეუღლესთან ფაქტობრივად გაშორებულია. ამ უკანასკნელმა მოსარჩელე აიძულა მცირეწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა მათ თანასაკუთრებაში არსებული ბინა. მოგვიანებით, მეუღლეებს შორის ურთიერთობის დაძაბვისთანავე, თანასაკუთრების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით დ. ჩ-ამ და მამამისმა ე. ჩ-ამ დადეს ფიქტიური გარიგება, რომლის საფუძველზეც ე. ჩ-ამ საკუთარი შვილისაგან შეიძინა ზემომითითებული ბინა. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებით დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1159-1160-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. G-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. და დ. ჩ-ავებს შორის 2005 წლის 4 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრის №1-1896), ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №19918/2005 სარეგისტრაციო ჩანაწერი, თბილისში, ..... ქ. №7-ში მდებარე №18 საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. გ-ას სახელზე (ს.ფ. 60-61).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ე. ჩ-მ (წარმომადგენელი შ. B. საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა (ს.ფ. 69-71).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით ე. ჩ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 122-124).

დასახელებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ამ (წარმომადგენელი შ. ბ.), რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა (ს.ფ. 132-143).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ე. ჩ-ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის საბაზრო ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით. განჩინებით მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 76-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 26 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელ შ. ბ-თვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა აპელანტისათვის ჩაბარებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული განჩინება წარმომადგენელ შ. ბ-ს 2008 წლის 26 აგვისტოს ჩაჰბარდა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის დინება მისი მომდევნო დღიდან, კერძოდ _ 2008 წლის 27 აგვისტოდან დაიწყო და 2008 წლის 11 სექტემბერს ამოიწურა. ვინაიდან დროის მითითებულ მონაკვეთში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 157-159).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ჩ-ამ (წარმომადგენელი შ. ბ.), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანი არ იყო ქონებრივი დავა, რამდენადაც გასაჩივრებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, კერძო საჩივრის მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომელშიც საუბარია სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებასთან დაკავშირებით წარმომადგენლის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მას ჩაჰბარდა არა სასამართლო უწყება, არამედ განჩინება, რისი გადაცემაც რუსეთში მყოფი ე. ჩ-თვის ვერ მოხერხდა (ს.ფ. 165-166).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ას (წარმომადგენელი შ. ბ.) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 აგვისტოს განჩინება მოპასუხე ე. ჩ-ას წარმომადგენელ შ. ბ-ს, რომელსაც მარწმუნებლის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება გააჩნდა, გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართებზე (ს.ფ. 152; 153). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ მითითებული განჩინება ჩაჰბარდა შ. ბ-ის ოჯახის წევრს (ს.ფ. 154), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ითვლება მისთვის განჩინების ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტის წარმომადგენელ შ. ბ-თვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა აპელანტისათვის ჩაბარებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2008 წლის 26 აგვისტოს და დასრულდა 2008 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია და სააპელაციო სასამართლოსთვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჩ-ას (წარმომადგენელი შ. ბ.) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გოგიშვილი

მოსამართლეები: ლ. ლაზარაშვილი

ნ. კვანტალიანი