Facebook Twitter

¹ას-918-1125-08 22 იანვარი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ია (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ალიმენტის გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. მ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1989 წლის 6 სექტემბრიდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება ა. მ-იასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი – ი. მ-ია, დაბადებული 1991 წლის 3 იანვარს, გ. მ-ია, დაბადებული 1992 წლის 5 ივლისს და დ. მ-ია, დაბადებული 1995 წლის 1 აპრილს. უთანხმოების გამო გაშორდა მეუღლეს და დროებით საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ...-ში. მასთან ერთად ცხოვრობენ შვილებიც, იგი არის უმუშევარი და უჭირს შვილების რჩენა. ბავშვების მამა კი არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში. აქედან გამომდინარე, მან მოითხოვა მოპასუხე ა. მ-იასათვის სამივე შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება სულ 300 ლარის ოდენობით.

ა. მ-იამ შეგებებული სარჩელი აღძრა თ. მ-იას მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.

სასამართლო სხდომაზე ნ. მ-იამ მოითხოვა, ა. მ-იას დაეკისროს მის სასარგებლოდ შვილების სარჩო თითოეულ შვილზე 35 ლარის ოდენობით, სულ 105 ლარი ყოველთვიურად, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით თ. მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. მ-იას თ. მ-იას სასარგებლოდ დაეკისრა შვილების – ი., დ. და გ. მჟავიების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულ შვილზე 35 ლარის ოდენობით, სამ შვილზე სულ 105 ლარი ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მონეტიდან შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. მ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ა. მ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. მ-ია მოითხოვს ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 35 ლარის ოდენობით, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 420 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ა. მ-იამ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში. მან მიუთითა, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მას შვილების სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა 105 ლარის ოდენობით. ვინაიდან მას ფინანსურად უჭირს, არ შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა. მან მოითხოვა დაკისრებული თანხის შემცირება 35 ლარით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. მ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-იას შვილების სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 105 ლარი. ა. მ-იამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ალიმენტის ოდენობის შემცირება 70 ლარამდე ანუ დაკისრებული თანხის შემცირება 35 ლარით, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 420 ლარს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 420 ლარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.