Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №578აპ-17 ქ. თბილისი

ხ-ი ვ., 578აპ-17 29 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ვ. ხ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 ივნისიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ვ.ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2016 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 04:45 საათზე, ….. სანაპიროზე, საავტომობილო გზაზე, წმინდა…..ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი ვ. ხ-ი მოძრაობდა ბმვ-ს მარკის ავტომობილით, სახ.#...... წესების დარღვევის გამო იგი გააჩერეს პატრულ-ინსპექტორებმა, რა დროსაც დადგინდა ზემოაღნიშნული აკრძალვა. ამასთან, ვ. ხ-ი ავტომობილის სალონის წინა საბარგულში არსებულ სათვალის შესანახ ბუდეში უკანონოდ ინახავდა დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ 0,0042 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ და 0,02 გრამ „მეთადონს“.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.

გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ხ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს სამართლიანი სასჯელი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი