საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-921-1128-08 5 დეკემბერი 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ყ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე_გ. და თ. ყ-შვილები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 06 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. და თ. ყ-შვილების განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქმეში დაინტერესებული პირის სტატუსით მონაწილე ა. ყ-შვილმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ყ-შვილმა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წელს ა. ყ-შვილს ჩაბარდა 2008 წლის 19 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 09 ივლისს.
პალატამ მიიჩნია, რომ ა. ყ-შვილს სადავო გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების 2008 წლის 19 ივნისს ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში - 2008 წლის 04 ივლისამდე, სააპელაციო საჩივარი კი წარმოადგინა 2008 წლის 09 ივლისს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში შეუტანლობისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ყ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას 2008 წლის 19 ივნისს ჩაბარდა 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა დასაბუტებული გადაწყვეტილება. 2008 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა გადმოეცათ მისთვის საქმის მასალების ქსეროასლები სრულად. ამ განცხადების საფუძველზე გადმოეცა საქმის მასალების ქსეროასლები, მათ შორის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ქსეროასლიც.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილი დადგენილ იქნა კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ალბერტ ყუთელაშვილის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან გაუშვა სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ალბერტ ყუთელაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საერთოდ გაურკვეველია ალბერტ ყუთელაშვილის საპროცესო სტატუსი. სასამართლოში შეტანილია გიორგი და თამაზი ყუთელაშვილების სასარჩელო განცხადება ალბერტ ყუთელაშვილის მიმართ, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ დადგენილია ხარვეზი. 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით კი წარმოებაში მიღებულია გიორგი და თამაზ ყუთელაშვილების სარჩელი.
სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყებებშიც ალბერტ ყუთელაშვილი მოწვეულია სასამართლო სხდომაზე როგორც მოსარჩელე. თუმცა სხდომის ოქმსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში იგი მითითებულია, როგორც დაინტერესებული პირი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ალბერტ ყუთელაშვილი მიჩნეული იქნეს დაინტერესებულ პირად და მითუმეტეს შეუძლებელია ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა. ყუთელაშვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და სასამართლომ უნდა შეამოწმოს ალბერტ ყუთელაშვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წანამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ალბერტ ყუთელაშვილის კერძო საჩივრი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმე ალბერტ ყუთელაშვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება