საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-922-1228-07 13 თებერვალი. 2008 წ
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. დ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. დ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დანიშვნა და დამატებითი ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 ივნისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. დ-შვილმა, მოითხოვა მოპასუხე ზ. დ-შვილს დაკისრებოდა შვილების სასარგებლოდ ალიმენტი 50 ლარის ოდენობით და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯები ორივე ბავშვზე 500 ლარის ოდენობით.
მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელე ბ. დ-შვილის წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
2006 წლის 31 აგვისტოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. დ-შვილს დაეკისრა შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 50 ლარის ოდენობით და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯების გაწევა ორივე ბავშვზე 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გააასაჩივრა ზ. დ-შვილმა და მოითხოვა 2006 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ზ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ. დ-შვილს ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს., ხოლო ზ. დ-შვილმა სააპელაციო საჩივარი ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2007 წლის 19 სექტემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი მისი კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. დ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და უკანონო. მისი განმარტებით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 13 სექტემბერს, რის გამოც მას არ ჰქონდა გაშვებული გასაჩივრების ვადა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მას გადაწყვეტილება ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. დ-შვილმა მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ. დ-შვილს ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს. (ს.ფ. 44)
ასევე დადგენილია რომ ზ. დ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 19 სექტემბერს (ს.ფ.61)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე.
ამავე მუხლით იმპერატიულად დადგენილია რომ, ამ ვადის გაგრძელება, (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად განსაზღვრულია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.
საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად ზ. დ-შვილს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს რომელიც მას უნდა გაესაჩივრებინა კანონით განსაზღვრულ 14 დღის ვადაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 13 სექტემბერს ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ზ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველი, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.