განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-924-1230-07 28 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემტანი პირი – ე. წ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 21 აგვისტოს ე. წ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს კ. ხ-ევის მიმართ. მოსარჩელემ ეზოს გამიჯვნა და მიტაცებულ ეზოს ნაწილში აშენებული სათავსოს მოშლა მოითხოვა. მოპასუხე კ. ხ-ევმა კი შეგებებული სარჩელით სამეზობლო საზღვრის აღდგენა და უკანონო მშენებლობის აღება მოითხოვა.
აღნიშნული სარჩელი და შეგებებული სარჩელი არაერთგზის განიხილა პირვლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ.
საბოლოოდ, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმე ე. წ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე კ. ხ-ევის მიმართ ეზოს გამიჯვნის თაობაზე აცილებულ იქნა ბორჯომის რაიონული სასამართლოსაგან და სხვა სასამართლოზე დაქვემდებარების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქმე ადიგენის რაიონის სასამართლოს გადაეგზავნა.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ე. წ-შვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე კ. ხ-ევს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
ე. წ-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მის შესავსებად. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ე. წ-შვილის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვა.
ე. წ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ხარვეზის განჩინება 21 სექტემბერს ჩაიბარა, ხოლო სახელმწიფო ბაჟი 24 სექტემბერს გადაიხადა (ს.ფ. 385). სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კი სააპელაციო სასამართლოში იმ საფუძვლით არ წარადგინა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი 2007 წლის 17 სექტემბრის ხარვეზის განჩინებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ე. წ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგადაც ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. როგორც გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ირკვევა, მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა.
საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარემ აღნიშნული განჩინება 21 სექტემბერს ჩაიბარა (ს.ფ. 374), ხოლო სახ. ბაჟი 24 სექტემბერს გადაიხადა (ს.ფ. 385).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხარვეზის განჩინება არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა, ამიტომ უსაფუძვლოა იმის მითითება, რომ მხარემ სასამართლოს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებითა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. წ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ე. წ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.