Facebook Twitter

ას-92-437-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფოთივნეშტრანსის“ დირექტორი ს.ტატარინოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება და კონტეინერების გატანა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა 2005 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ფოთივნეშტრანსის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრება და საკონტეინერო ტერმინალიდან კონტეინერების გატანა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2003 წლის 13 თებერვლიდან და 2004 წლის 29 მარტიდან შპს „ფოთივნეშტრანსის“ დავალებებით შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ საკონტეინერო ტერმინალზე ინახება 20 ფუტ. კონტეინერი თთNU ¹265642-3, რომელიც 2003 წლის 13 თებერვალს გადმოტვირთული იქნა თბომავალი HEIDE ჟ ვგე-დან, 2004 წლის 29 მარტს თბომავალი ჟAN D ვგე-დან გადმოტვირთულ იქნა 20 ფუტ კონტეინერი ჩღXU ¹109577-6 და 40 ფუტ კონტეინერი ჩAXU ¹480595-9. სარჩელის შეტანის დროისათვის ფოთის ნავსადგურში მოქმედი ტარიფების შესაბამისად ზემოაღნიშნული კონტეინერების გადმოტვირთვის და შენახვის ღირებულებამ შეადგინა 15979 აშშ დოლარი. კონტეინერების ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის, შენახვის და მათი გატანის ღირებულების ანაზღაურების მიზნით 2005 წლის 1 მარტს წერილებით მიმართეს შპს «ფოთივნეშტრანსს». მიუხედავად ამისა, შპს «ფოთივნეშტრანსი» უარს აცხადებს კონტეინერების გადმოტვირთვის და შენახვის ხარჯების ანაზღაურებაზე და მათი ნავსადგურის ტერიტორიიდან გატანაზე იმ მოტივით, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ტვირთის განკარგვაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს «ნევშტრანს» მოსარჩელე შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სასარგებლოდ გადახდა 1530 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ფოთის საზღვაო ნასადგურის» გენერალურმა დირექტორმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «ფოთივნეშტრანსის» დირექტორმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «ფოთივნეშტრანსის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «ფოთივნეშტრანსს» შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სასარგებლოდ დაეკისრა 9988,5 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული არითმეტიკული უსწორობა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასწორდა შემდეგი სახით: შპს «ფოთივნეშტრანსს» შპს «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სასარგებლოდ დაეკისრა 12885,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ფოთივნეშტრანსის» დირექტორმა ს.ტატარინოვმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა და შპს „ფოთივნეშტრანსს“ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12885,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინება ისე იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი, რომ ამის შესახებ მათთვის არ უცნობებიათ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ფოთივნეშტრანსის“ დირექტორი ს.ტატარინოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ ისე იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი, რომ ამის შესახებ მისთვის არ უცნობებიათ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს შპს „ფოთივნეშტრანსის“ დირექტორის ს.ტატარინოვის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ის გარემოება, რომ მხარეს არ ეცნობა უსწორობის გასწორების საკითხის განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უნდა მიიჩნიოს. ამ ნორმის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მხარე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის ზეპირ განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე და აღნიშნული საკითხი განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე (ს.ფ.150). ამდენად, მხარის მიერ მითითებული ნორმა განსახილველ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ფოთივნეშტრანსის“ დირექტორი ს.ტატარინოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.