Facebook Twitter

¹ას-926-1133-08 12 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ც-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ე-აძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნივთების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 მაისს მ. ც-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ზ. ც-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს ა. ე-აძის მიმართ და მოითხოვეს ოქროს სამკაულების დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ც-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა მ. ც-შვილის წარმომადგენელმა ზ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მ. ც-შვილის წარმომადგენლის ზ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ზ. ც-ძეს და მ. ც-შვილს განჩინების ასლი ჩაბარდათ 2008 წლის 5 აგვისტოს, აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩაბარების დასტურები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ც-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მათ მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს სრულად შეავსეს ხარვეზი და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. რაც გარკვეულ მიზეზთა გამო დროულად ვერ იქნა წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მ. ც-შვილის წარმომადგენლის ზ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, მ. ც-შვილის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მათ მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს სრულად შეავსო ხარვეზი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ხოლო ბანკის მიერ გაცემული ქვითარი გარკვეული მიზეზის გამო დროულად ვერ იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი მ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ც-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.