საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-9-295-08 26 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – … კომპანია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “უ.”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “უ-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ... კომპანიას შპს “უ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 330 209 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “უ-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ... კომპანიამ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ... კომპანიის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... კომპანიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ კომპანიას შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა არ დაურღვევია და, შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ … კომპანიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
სააპელაციო საჩივრის გადაცემის მომენტად ითვლება სააპელაციო საჩივრის ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომპანიას შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა არ დაურღვევია და, შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... კომპანიის წარმომადგენელმა _ ე. გ-იძემ 2007 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმის გაცნობისა და საქმიდან ქსეროასლების მიღების თაობაზე. 2007 წლის 28 სექტემბერს ე. გ-იძე გაეცნო საქმის მასალებს და ამავე დროს ჩაჰბარდა საქმის მასალების ასლები, მათ შორის, შპს “უ-ს” სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 180), ამიტომ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარების თარიღად სწორად მიიჩნია 2007 წლის 28 სექტემბერი, შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, “საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ... კომპანია თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
… კომპანიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773150 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.