ას-930-1136-08 22 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ბ-იანი
წარმომადგენელი - ე. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-იანი
დავის საგანი _ უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ა-იანმა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ბ-იანის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ახალქალაქის რაიონის სოფელ გომში, სადაც აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი 0,265 ჰა მიწის ნაკვეთით; 1984 წელს მეზობელმა რ. ბ-იანმა უკანონოდ მიიტაცა მისი მიწის ნაკვეთიდან 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი და შემოღობა.
მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება და ღობის მოშლა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაის 2003 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ა-იანის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ვ. ა-იანის სარჩელი და დაუბრუნდა მას რ. ბ-იანის მიერ უკანონოდ მიტაცებული ახალქალაქის რაიონის სოფელ გომში მდებარე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.
2008 წლის 27 თებერვალს რ. ბ-იანის წარმომადგენელმა ე. ა-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით რ. ბ-იანის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-იანის წარმომადგენელმა ე. ა-ძემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის 16 სექტემბერს სასამართლო პროცესზე გამომგზავრებისას გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომერაობა, რის გამოც იძულებული გახდა დიაგნოზის დასასმელად მიემართა სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრ შპს “ლელასთვის”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ბ-იანის წარმომადგენელ ე. ა-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, კერძოდ რ. ბ-იანსა და მის წარმომადგენელ ე. ა-ძეს, ასევე მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-იანს ჩამოერთვათ ხელწერილი, რომელშიც განისაზღვრა სასამართლო სხდომის დღე და ადგილი (სსკ 216-ე მუხლის მე-3 ნაწილი), თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
საკასაციო სასამართლოს აზრით, ე. ა-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვერ გახდება გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მას სააპელაციო სასამართლოსათვის დროულად არ უცნობებია და არც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამას გარდა, სასამართლო სხდომაზე ასევე არ გამოცხადებულა თავად რ. ბ-იანი და არც გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ბ-იანის წარმომადგენელ ე. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.