საქმე №117აგ-17 თბილისი
გ-ა მ. , 117აგ-17 10 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მ. გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 5 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა სასჯელი და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ¼-ით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 15 ოქტომბრიდან.
5. 2017 წლის 22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლში 2017 წლის 4 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის პირველი ივნისიდან) და ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ს შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენითა და ამავე პალატის 2017 წლის 21 ივლისის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: მ. გ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან (2017 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის პირველი ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 9 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა - სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 15 ოქტომბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. ამდენად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. ამასთან, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
3. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან (2017 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია, რომელიც ითვალისწინებდა 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის პირველი ივნისიდან მოქმედი რედაქცია, რომელიც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით, 17 წლიდან - 15 წლამდე, რაც კანონის ახალი რედაქციის სანქციის ფარგლებშია.
4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ მართებულად გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით დადგენილი შეღავათი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მისთვის განსაზღვრული სანქციისა და სასჯელის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანით. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და პალატა ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას - სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, ამ მუხლით მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე