განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-931-1237-07 16 იანვარი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. ჯ-ძე, თ. ჩ-ია, დ. ჩ-ია, ბ. კ-ძე, დ. ბ-იძე და თ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჯ.-ა”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ჯ.-ის” წარმომადგენელმა გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 65 ფიზიკური პირის, კერძოდ, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.
საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ბოლოს, 2007 წლის 12 იანვრის განცხადებით წარმოადგინა ზუსტი სია იმ პირებისა, რომლებსაც უკანონოდ აქვთ დაკავებული თბილისში, ...-ს ქ. ¹..-ში მდებარე, შპს “ჯ.-ა. (ტ.II ს.ფ. 29), ხოლო სარჩელის მოთხოვნა უცვლელად დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ჯ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს “ჯ.-ის” საკუთრებაში არსებული თბილისში, ...-ს ქ. ¹.-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა-ნაგებობები და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.
2007 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს მოპასუხეებმა, მათ შორის დ. ჩ-იამაც, რომლებმაც უარი განაცხადეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე (ს.ფ.247,248).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ჯ-ძემ, თ. ჩ-იამ, ბ. კ-ძემ, დ. ბ-იძემ, თ. მ-ძემ, კარლო ტყებუჩავამ, დ. ჩ-იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ დ. ჯ-ძე, თ. ჩ-ია, ბ. კ-ძე, დ. ბ-იძე, თ. მ-ძე და კარლო ტყებუჩავა მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ მოპასუხეთა წრეში არ შედიოდნენ და, შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ მხარეებს სასამართლოში, ხოლო დ. ჩ-იამ თავად განაცხადა უარი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ჯ-ძემ, თ. ჩ-იამ, დ. ჩ-იამ, ბ. კ-ძემ, დ. ბ-იძემ, თ. მ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეებად იყვნენ მითითებულნი და მოპასუხეთა რიცხვიდან მათი ამორიცხვის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არგუმენტი მოპასუხეთა წრის დაზუსტების თაობაზე, ხოლო რაც შეეხება დ. ჩ-იას, კერძო საჩივარში სადავოდ ხდის გასაჩივრებაზე უარის თქმის განცხადებაზე თავის ხელმოწერას, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ამ განცხადების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც მოითხოვა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, დ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-იძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მოსარჩელეებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხოლოდ მხარეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს, მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, ასევე პირებს, რომლებიც მართალია არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლითაც შპს “ჯ.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს “ჯ.-ის” საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...-ს ქ. ¹.-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა-ნაგებობები და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში, აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-იძის, თ. მ-ძის მიმართ არ ყოფილა გამოტანილი და არც მათი უფლებები და მოვალეობები არ განსაზღვრულა მოსარჩელე მხარის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული პირები მოპასუხეთა წრიდან ამორიცხულები იყვნენ, შესაბამისად, არც მხარეებს და არც მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არ წარმოადგენდნენ, ხოლო, თუ კერძო საჩივრის ავტორები თვლიდნენ, რომ გადაწყვეტილებით დაირღვა ან შეილახა მათი უფლებები, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, შეეძლოთ სარჩელით მიემართათ სასამართლოსათვის ამ უფლების დასაცავად და არა სააპელაციო საჩივრით ამ გადაწყვეტილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-იძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილევლად.
სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, პირის უფლებაა უარი თქვას გასაჩივრებაზე, რაც მისი მხრიდან გასაჩივრების უფლების განკარგვას წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით გამოუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რომელსაც გარკვეული იურიდიული შედეგი უკავშირდება, კერძოდ, მხარე, რომელმაც ასეთი უარი განაცხადა, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჩ-იამ წერილობითი ფორმით უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე (ს.ფ.247-248). შესაბამისად, მან განკარგა კანონით მინიჭებული უფლება გასაჩივრებასთან დაკავშირებით და უარი განაცხადა მასზე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების თაობაზე დ. ჩ-იასათვის ცნობილი არ ყოფილა, ხელმოწერა მისი ხელით არ არის შესრულებული და შესაბამისად, მის მოთხოვნას, ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერება, მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, დ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-იძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.