საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-932-1238-07 11 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “თ.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-აძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “თ-ის” მიმართ ზიანის _ 27146 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს ქ.ცხინვალში მცხოვრებმა მოსარჩელემ და ქ.თბილისში, მუხიანის დასახლების მე-.. მკ/რ-ის ..-ე კორპუსის ¹46 ბინის მფლობელმა სოსლან ბასაევმა საცხოვრებელი ბინები გაცვალეს, რის შემდეგ გაირკვა, რომ ქ.თბილისის ბინაზე პრეტენზიას აცხადებდა მოპასუხე. სადავო ბინაში უკანონოდ შესახლდა მანჯავიძეების ოჯახი. წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო დავების შედეგად მოსარჩელეს გამოეყო ქ.თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ... კორპუსის ¹1ა 47,5 კვ.მ არასაცხოვრებლი ფართი. მოპასუხემ ვალდებულება იკისრა თავისი ხარჯით საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოეყვანა, თუმცა ნაკისრის ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.თბილისში, მუხიანის დასახლების მე-.. მკ/რ-ის ..-ე კორპუსის ¹46 ბინა მდებარეობდა საუწყებო სახლში და მასზე მოსარჩელეს რაიმე უფლება არ გააჩნდა, თუმცა ორგანიზაციის ინიციატივით აღნიშნული ბინის სანაცვლოდ, მ.გ-ის ოჯახს გამოეყო ქ.თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ... კორპუსის ¹1ა 47,5 კვ.მ არასაცხოვრებლი ფართი, რომლის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა უნდა მომხდარიყო უწყების ხარჯებით, მაგრამ თ-ში მოხდა ცვლილება, ძველი გენერალური დირექტორი გათავისუფლდა და დაინიშნა ახალი. მოპასუხეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ლტოლვილ გ-ის ოჯახისათვის ბინის გამოყოფის შესახებ არ უცნობებია აღნიშნული ბინის საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამავე სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის განჩინებით მ. გ-აძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს განჩინება მ. გ-აძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-აძის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება გაუქმდა, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს “თ-ს” ჩაბარდა 2007 წლის 25 ოქტომბერს, საჩივარი კი მხარემ შეიტანა ამავე წლის 6 ნოემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს “თ-ის” საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარემ ჩაიბარა 2007 წლის 25 ოქტომბერს და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადა ამოიწურა ამავე წლის 5 ნოემბერს, თუმცა მხარემ საჩივარი შეიტანა 2007 წლის 6 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “თ-მა” შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეს საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შპს “თ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს ,,თ-ს” ჩაბარდა 2007 წლის 25 ოქტომბერს. ამავე წლის 6 ნოემბერს მხარემ საჩივრით მიმართა სასამართლოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით, რომლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. დასახელებული ნორმა ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას, რომლის დარღვევით შეტანილი საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რადგან სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა 2007 წლის 5 ნოემბერს, საჩივარი კი შეტანილ იქნა მომდევნო დღეს _ 2007 წლის 6 ნოემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,თ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.