ას-933-1215-09 24 სექტემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე, ლ. ჩ-იას სარჩელის გამო, მ. მ-ძისა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-იამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და მ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2006 წლის 7 ივნისის აქტში მითითებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მეუღლე – ბ.გ-ავას მოპასუხე მ.მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ.ლ-ავამ მოახდინა მოვალის ქონების აღწერა და შეადგინა აქტი ბ.გ-ავას კუთვნილი მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, ბ.გ-ავას კუთვნილი ქონების აღწერის დროს დაყადაღებული ქონების ნუსხაში შევიდა პირადად მისი კუთვნილი ნივთებიც, რის გამოც ითხოვს ყადაღის მოხსნას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა საბოლოოდ მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2006 წლის 7 ივნისის აქტში მითითებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ჩ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით მ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასმართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით მ.მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება.
2008 წლის 15 ოქტომბერს ლ. ჩ-იამ და მისმა წარმომადგენელმა შორენა კალანდიამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიმართეს განცხადებით ლ. ჩ-იას სარჩელის გამოხმობის თაობაზე ისე, რომ მოსარჩელემ უარი არ თქვა თავის მოთხოვნაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჩ-იას სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება 2009 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმის შენიშვნების შესახებ დარჩა განუხილველად ვადის გასვლის გამო.
2009 წლის 3 ივლისს მ.მ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით მ.მ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოდილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი (რომელიც მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად) გაასაჩივრა მ.მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მ.მ-ძე კერძო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებას, რომლითაც მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინება და სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ გასაჩივრდება. მიუხედავად ამისა, მ.მ-ძემ ზემოხსენებული განჩინებია კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე,
419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.