Facebook Twitter

¹ას-93-438-06 6 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის ... უფროსი დ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთის რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 2 ივნისს მას და სს “ტ...ს” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მიიღო საბანკო კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2003 წლის 16 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 75000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ გადაიხადა სესხი.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოპასუხის მოძრავი ქონება.

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების გადახდა 99 577 ლარისა და 128 365 დოლარის ოდენობით, ასევე მოითხოვა ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული მოძრავი ქონების რეალიზაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99577 ლარისა და 128365 დოლარის გადახდა.

სს “ტ...მა” ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით სს “ტ...ის” საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა განახლდა.

2005 წლის 22 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა და მოითხოვა სს “ .. ..” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის წარმოების შეჩერება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის - ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა _ ქუთაისის ... საპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის ... სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. აღნიშნული განჩინება ... კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის ... კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის განჩინებით ქუთაისის ... კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის ... სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შეწყდა წარმოება საქმეზე სს “ .. ..” სარჩელისა გამო სს “ტ-ის” მიმართ.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის ... და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის ... უფროს დ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომ ეს დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს.

დადგენილია, რომ სს „ .. ..“ და სს „ტ...ს“ შორის 2003 წლის 2 ივნისს დაიდო „გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება“ (ს.ფ. 13-16).

2003 წლის 16 ივლისს მხარეთა შორის დაიდო „საკრედიტო ხელშეკრულება“ (ს.ფ. 26-29), რომლის საფუძველზეც ბანკმა აიღო ვალდებულება სს „ტ...სათვის“ მიეცა კრედიტი 75 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, კრედიტი უნდა გაცემულიყო სესხის უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.

2003 წლის 3 მარტსა და 16 ივლისს მხარეთა შორის დაიდო „გირავნობის ხელშეკრულებები“ (ს.ფ. 6-8; 17-24), რომელთა საფუძველზეც სს „ .. ..“ სს „ტ...ზე“ გასცა სესხი, შესაბამისად, სწორედ ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, საქმე განსახილველად გადაეცათ მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის, რომელიც რეგისტრირებულია თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით, რეგისტრაციის ¹....

საარბიტრაჟო შეთანხმება არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის უფლების მოპოვება. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა, მათივე შეთანხმებით, განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს. ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები განსაზღვრავენ კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებულ პროცესუალურ უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვას არბიტრაჟის წესით, რაც დადგენილია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული უფლების მოპოვებით მხარე კარგავს უფლებას, ამ კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან მიმართებაში თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დასაცავად მიმართოს საერთო სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებისა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, კერძოდ, ასეთი შეთანხმების (ხელშეკრულების) არსებობის შემთხვევაში სასამართლოს უფლება არა აქვს, რომ მიიღოს და განიხილოს სარჩელი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი), ხოლო მიღების შემთხვევაში კი შეწყვიტოს საქმის წარმოება (ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან დავის განხილვა კვლავ საერთო სასამართლოებს დაუქვემდებარონ.

მართალია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დავა განხილულ იქნა არა ერთ სასამართლო ინსტანციაში და არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მხარეები შეთანხმებული არიან დავის შემთხვევაში საქმე განიხილოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კრედიტორმა, რომელმაც სარჩელით მიმართა სასამართლოს გამოხატა თავის ნება, რომ სასამართლოს განეხილა აღნიშნული საქმე. მას შეეძლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟისთვის მიემართა, მაგრამ მან ეს უფლება არ გამოიყენა. არც მეორე მხარეს გაუხდია ეს სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებმა გამოხატეს ნება სასამართლოს განეხილა დავა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არსებობდა შეთანხმება დავის შემთხვევაში საქმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის გადაცემისა. მხარეებს მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული არიან დავის მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის გადაცემისა, მათი პროცესუალური უფლებაა მოსაწესრიგებლად მიმართონ სასამართლოს და არა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეებმა თავიანთი მოქმედებებით უარი თქვეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის მიმართვაზე და დავის განხილვა კვლავ საერთო სასამართლოს დაუქვემდებარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, რის გამოც უნდა გაუქმდეს საქმის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის ... უფროსის დ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.