Facebook Twitter

საქმე # 010100116001208344

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №30აპ-18 ქ. თბილისი

კ. დ. ქ. 30აპ-18 22 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ქ. კ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ქ. კ-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ----- გრამ ნარკოტიკულ საშუალება ”----”, რაც 2015 წლის 23 ნოემბერს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დ. ქ. კ., - დაბადებული --- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ქ.კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ქ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა: დადგენილია, რომ კ-ის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა სასამართლოს ვერ მიაწოდეს თანმიმდევრული და ფაქტების ერთნაირად აღმწერი ჩვენებები. მოწმე დ. დ. კ--ის დაკავების ადგილას სრულიად გამორიცხავს ს. გ-ს ყოფნას, ი. ბ-ს ჩვენებით კი დგინდება, რომ კ. ბ-მ იცნო, მან დაუძახა და შეაჩერა, შემდეგ კი ორივემ ერთად დააკავა. ბ-ს განმარტებით, მან ს. გ. მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა სხვა პოლიციელებთან ერთად მოშორებით, პერიმეტრზე. თავად გ. კი ადასტურებს, რომ კ-ს დაკავებამდე უკან მიჰყვებოდა, დაუძახა და შეაჩერა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ მასთან დ. და ბ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ თუკი კ-მ გ-ს ხმა გაიგონა, მობრუნდა და შეჩერდა, როგორ ვერ გაიგონეს დაძახება დ-მ და ბ-მ, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ იქ გ-ს ყოფნას, ანდა თუკი გ. იქ არ ყოფილა და კ. ბ-მ და დ-მ დააკავეს, რატომ აცხადებს ჩვენებაში გ., რომ სწორედ მან დაუძახა დ. კ-ს, როცა უკან მიჰყვებოდა 10 მეტრის დაშორებით.

პოლიციელთა ჩვენებებში ეს შეუსაბამობები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად, მათი ჩვენებების უპირობო გაზიარებისათვის მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნად მონაწილე პირის - ნ. შ-ს ჩვენებაზე. მან განმარტა, რომ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს, რადგანაც სათვალე თან არ ჰქონდა, არ უთარგმნია დაკავებულისათვის სრულად, თუმცა მოუწოდა, რომ ოქმზე ხელი მოეწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ შ. არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ჯეროვნად შეუძლია შეასრულოს თარგმანი. ნ.- შ-ს რომ სათვალე თან ჰქონდა, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოცხრილში.

საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სხვა დოკუმენტში.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოსა და სამართლიანი განხილვის უფლების ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თარჯიმნის მომსახურების მიღების აუცილებლობას.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ყველა ის გარემოება, რომლის საფუძველზეც დაადგინა დ. ქ. კ-ის გამამართლებელი განაჩენი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი