საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-941-1247-07 26 თებერვალი, 2008 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. თ-ელი, ნ. ბ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ც-ლაძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ აღსრულების წესის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლია ცირღილაძის სარჩელი ლ. თ-ელის მიმართ დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დავალდებულებისა და უკანონო სველი წერტილების მოწყობის აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ლ. თ-ელს აეკრძალა თბილისში, წ-ლის ქ. ¹../..-ში მდებარე სახლის სარდაფში უკანონო წერტილების, სანიტარული კვანძისა და სამზარეულოს მოწყობა, ხოლო ლ. თ-ელის შეგებებული სარჩელი და მესამე პირის _ ნ. ბ-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-ელმა და ნ. ბ-იძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ელისა და ნ. ბ-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ც-ლაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. თ-ელის შეგებებული სარჩელი და ნ. ბ-იძის სარჩელი, თ. ც-ლაძეს დაევალა თბილისში, წ-ლის ქ. ¹../..-ში მდებარე სახლის პირველი სართულის ღია აივანზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, ისე, რომ მას დარჩენოდა 6 კვ.მ ფართის ოთახი.
2007 წლის 6 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. თ-ელისა და ნ. ბ-იძის წარმომადგენელმა დემნა მჭედლიშვილმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესის შეცვლა შემდეგი საფუძვლით: განმცხადებლის განმარტებით, თ. ც-ლაძის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეურსულებლობის გამო, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით ლ. თ-ელმა და ნ. ბ-იძემ მიმართეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც უარი განუცხადა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ სადავო ფართი ამჟამად უკავია მის ყოფილ მეუღლეს _ ლ. ც-ლაძეს, ხოლო თავად თ. ც-ლაძე იმყოფება საზღვარგარეთ, ლ. ც-ლაძეს კი ვერ დაავალდებულებდა სააღსრულებო ფურცლის სისრულეში მოყვანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებლებმა მოითხოვეს, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ლ. თ-ელისა და ნ. ბ-იძის წარმომადგენელ დ. მ-შვილის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებელთა მიერ მითითებული განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ეხება უშუალოდ მოვალის მიერ აღსრულებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი სააღსრულებო მოქმედებები მიმართული იქნება იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც მოვალედ არ არის დასახელებული სააღსრულებო ფურცელში.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. თ-ელმა და ნ. ბ-იძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი განცხადების დაკმაყოფილება თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესის შეცვლის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. თ-ელისა და ნ. ბ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 31 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულია თ. ც-ლაძე, ხოლო სადავო ფართის მესაკუთრეს, რომელზეც უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები, წარმოადგენს ლ. ც-ლაძე, რომელიც მოვალედ არ არის დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ სააღსრულებო მოქმედება ვერ განხორციელდება.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დგინდება თ. ც-ლაძის უფლებამონაცვლე პირი, შესაბამისად, მოვალის უფლებამონაცვლის დადგენამდე, რომლის წინააღმდეგაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, იძულებითი აღსრულების განხორციელება სადავო ფართზე შეუძლებელია.
აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. თ-ელისა და ნ. ბ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ 300 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 250 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:¹220101222), საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773150 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.