Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-942-1248-07 14 იანვარი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275\პ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ იმ საფუძვლებით, რომ სადავო ბრძანება უკანონოა და მოსარჩელე არასწორად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2007 წლის 31 მაისის ¹01-275/პ ბრძანება მოსარჩელისათვის არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, რაც ნ. თ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტ ნ. თ-ძეს ჩაბარდა 2007 წლის 19 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 8 ოქტომბერს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60, 61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი უნდა შეტანილიყო 2007 წლის 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, რაც არ მომხდარა, ამდენად, მხარემ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. თ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა ნ. თ-ძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის შესახებ, რადგან სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ მხარემ სადავო სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებულ ვადაში _ 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩააბარა ფოსტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ნ. თ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად არასწორად მიიჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. თ-ძეს ჩაბარდა 2007 წლის 19 სექტემბრს, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გაუგზავნა ფოსტით და სააპელაციო საჩივარზე დართულ საფოსტო კონვერტზე დასმული ფოსტის ბეჭდის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. თ-ძეს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. თ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. თ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.