ას-943-1147-08 2 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ღ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,თ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრისა და 2009 წლის 13 მარტის განჩინებები
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ღ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,თ.” მიმართ დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობისა გამო კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხის წარმომადგენელმა 2006 წლის 6 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, ა.ღ-შვილის სააპელაციო საჩივრის ასლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-შვილის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, საქმეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 26 ივნისისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება საპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ღ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა 2008 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
2009 წლის 9 იანვარს ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა 2008 წლის 8 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ა.ღ-შვილს დაევალა დასაბუთებული განცხადებისა და სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მისთვის არ უნდა დაედგინა ხარვეზი და არ უნდა დაევალებინა იმ კონკრეტული გარემოებების მითითება, რომლებიც საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების მიმართ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგანაც სწორედ ამ განჩინებით დასრულდა საქმის წარმოება და ძალაში შევიდა ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები და გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო იმ გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან, რომლითაც დასრულდა საქმის წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, რომელსაც განმცხადებელი უთითებს 2009 წლის 9 იანვრის განცხადებაში, კერძოდ, მოპასუხე სს „თელასის“ მიერ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის თაობაზე. მხარის აღნიშნული მოთხოვნა განუხილველად იქნა დატოვებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე და 278-ე მუხლების თანახმად კი, განცხადების განუხილველად დატოვების მიუხედავად, მხარეს უფლება აქვს, საერთო წესების დაცვით, ხელახლა მიმართოს სასამართლოს.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით ა.ღ-შვილს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა, რადგანაც სასამართლომ არასწორად განმარტა მოთხოვნის მატერილურ-სამართლებრივი საფუძველი – შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რის გამოც ასევე არასწორად განიმარტა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რადგანაც ძირითადი დავის საგანი სწორედ ხელფასის გადახდევინებას შეეხება, რაც თავის მხრივ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ღ-შვილმა ასევე მოითხოვა ხარვეზის დადგენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, ა.ღ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ა.ღ-შვილს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა, კერძოდ, მხარეს უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილს საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებაში, ასევე დაეკონკრეტებინა, თუ როდის გახდა მისათვის ამ გარემოების თაობაზე ცნობილი. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი განცხადება განუხილველად დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2009 წლის 13 მარტის განჩინებით მხარისათვის დადგენილი ხარვეზი ა.ღ-შვილს არ გამოუსწორებია, კერძოდ:
2009 წლის 23 მარტს ა.ღ-შვილის მიერ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოდგენილი განცხადებით მხარემ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოში სს ,,თელასის” მიერ შესაგებლის წარუდგენლობა. განმცხადებელმა განმარტა, რომ მოცემულ გარემოებაზე მითითებით მან სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით ადრე უკვე მიმართა, თუმცა აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლოს არსებითად არც ერთხელ არ უმსჯელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად, ამავე საკითხზე სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით კი, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელისა თუ განცხადების განუხილველად დატოვებისას მხარე უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე საფუძვლებით მაშინ, როდესაც იგი სრულად გამოასწორებს სარჩელის ან განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულ ხარვეზებს. ამასთან, კანონის ზემოხსენებული დანაწესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სარჩელისა თუ განცხადების საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით უკვე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის თაობაზე და ამავე საფუძვლით ხელახალი განცხადების შეტანა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დასაშვებია მხოლოდ იმ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გასაჩივრება, რომლითაც საქმის წარმოება არსებითად დამთავრდა.
განსახილველ შემთხვევაში, 2009 წლის 23 მარტის განცხადებით ა.ღ-შვილი ასაჩივრებს ასევე ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებასაც, რომლითაც საქმის წარმოება არ დასრულებულა, არამედ განმცხადებელს განესაზღვრა კონკრეტული ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, შესაბამისად, 2009 წლის 13 მარტის განჩინებით მხარეს სწორად განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ა. ღ-შვილს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში არ გამოუსწორებია. განმცხადებელი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მას არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო საშუალო ხელფასის ანაზღაურება, ანუ დავის საგანი არის ხელფასის გადახდევინება, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, რადგანაც დათხოვნის დღეს, შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო, დათხოვნილი მუშაკისათვის გარკვეული თანხის ანაზღაურება თავისი არსით წარმოადგენს არა ხელფასის გადახდას, არამედ ადმინისტრაციის ბრალეული ქმედების გამო შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარისათვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადაცემას, რათა მას შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი. შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი პრევენციული ხასიათისაა და მასში მითითებული დანაწესი – მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით მთელი პერიოდისათვის, ნიშნავს არა დათხოვნილი მუშაკისათვის ხელფასის გადახდას, არამედ განსაზღვრავს ამ საკომპენსაციო თანხის მინიმალურ ოდენობას, რომელიც არ უნდა იყოს საშუალო ხელფასის ოდენობაზე ნაკლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-შვილისათვის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მისი 2009 წლის 9 იანვრისა და 23 მარტის განცხადებების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 294-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის, ასევე 2009 წლის 13 მარტის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.