Facebook Twitter

¹ას-943-1222-09 30 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-შვილის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, ნივთის გაუმჯობესებისა და ბინის შესაძენად წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან შეიძენდა ქ.გორში, ... ¹7/11-ში მდებარე ერთოთახიან ბინას. ს.გ-შვილმა მ.მ-შვილს გადასცა ბე, გაარემონტა სადავო ბინა, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ უძრავი ნივთი მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენდა და, მისი მესაკუთრის მოთხოვნით, ბინის დაცლა მოუწია. ყოველივე აღნიშნულის გამო ს.გ-შვილს მიადგა მატერიალური ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ ბეს დაბრუნების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ს. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. მ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2100 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით მ. მ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის წარდგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი 2009 წლის 23 ივლისს აპელანტს პირადად ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარის მიერ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა იწყება 2009 წლის 24 ივლისიდან და მთავრდება 28 ივლისს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მ.მ-შვილს ხარვეზის დადგენის თაობაზე პალატის განჩინება პირადად ჩაბარდა. სასამართლო გზავნილის მიღებისას აპელანტი ქ.გორში არ იმყოფებოდა, რის გამოც განჩინების ასლი ჩაიბარა მისმა დამ. სააპელაციო პალატის 2009 წლის 17 ივლისისა და 6 აგვისტოს განჩინებები მხარეს გადაეცა მხოლოდ 2009 წლის 20 აგვისტოს.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის წარდგენა.

შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ 2009 წლის 23 ივლისს სასამართლო გზავნილი მ. მ-შვილს პირადად ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა 5-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მ.მ-შვილს 2009 წლის 23 ივლისს პირადად ჩაბარდა, რაც შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება და აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის უტყუარად საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ ზემოხსენებული სასამართლო გზავნილის გაგზავნისას მ.მ-შვილი ქ.გორში არ იმყოფებოდა და გზავნილი მისმა დამ ჩაიბარა, ვინაიდან მხარემ აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურა.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი 2009 წლის 23 ივლისს მ.მ-შვილისათვის ჩაბარებულად იქნებოდა მიჩნეული მაშინაც, თუ იგი ნამდვილად ადრესატის დას ჩაბარდებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით მ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, ვინაიდან მხარეს არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც შემდგომ არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.