Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-943-1249-07 16 იანვარი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი_ ქ. ს-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სააქციო საზოგადოება “თ.-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 მარტს ქ. ს-ძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სს “თ.-ისაგან” უკანონოდ დარიცხული 937 ლარის და 48 თეთრის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ს-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ქ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ს-ძის მოთხოვნას წარმოადგენს სს “თ.-ის” მიერ დარიცხული 937 ლარის და 48 თეთრის გაუქმება, რაც არ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ს-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო საჩივრის საგანი არ წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის მატარებელს, არამედ დავა მიმდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დაწყების დროის არასწორად განსაზღვრაზე, რითაც ილახება მისი კონსტიტუციური უფლება სასამართლო განხილვაზე, რამეთუ დავის საგანს ხანდაზმულად ცნობის გამო ძირითად მოთხოვნაზე ყოველგვარი პრეტენზია უსაფუძვლოდ განუხილველი რჩება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც მხარი შეიტყობს უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მან უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო არა 2001 წელს, როცა “თ.-ის” მიერ მოხდა მასზე თანხის უკანონო დარიცხვა, არამედ 2003 წელს (სწორედ მაშინ მიმართა განცხადებით სს “თ.-ს”, ვინაიდან იმ დროს შეიტყო თანხის დარიცხვის შესახებ) აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ როგორც 2000, 2001 და 2002 წლებში მიუხედავდ იმისა მრიცხველი გარეთ იქნა გამოტანილი, ქვითარი გადასახადის აღნიშვნით არ მიდიოდა და გადასახადებს იხდიდა იმის მიხედვით, როგორც წარსულში აკეთებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ს/ს “თ.-ის” მიერ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა, დავის საგნის ფასი თავად განსაზღვრა და მიუთითა 937,48 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ს-ძემ და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ანუ ს/ს “თ.-ის” მიერ უკანონოდ დარიცხული თანხის 937,48 ლარის ჩამოწერა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

ზემოხსენებული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად რადგან, ქ. ს-ძის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, კერძოდ განსახილველ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.