Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #610აპ-17. ქ. თბილისი

ბ. თ 610აპ–17. 2 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდოარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით თ. ბ, - დ. - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის საფუძელზე, სასჯელთა შეკრების შემდეგ, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ. ბ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი.

2. განაჩენით თ. ბ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად და გამოძალვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთისა და ქონებრივი სარგებლის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 23.00 საათზე, თ. ბ. გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად იმყოფებოდა თ., გ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა ამავე კორპუსში მცხოვრებ ა. ვ-ზე და მისთვის ძალადობის გამოყენების მუქარით კომპიუტერის გამოძალვა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად თ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით ა. ვ-ისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ყავისფერი ტყავის საფულე 30 ლარის ოდენობის თანხით და ა. ვ-ის სახელზე გაცემული მოქალაქის პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც თ. ბ-მა თანმხლებ, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, ხელთ ნაქონი დანის გამოყენების მუქარით, ა. ვ-ი აიძულა სახლიდან გამოეტანა და მათთვის გადაეცა 350 ლარად ღირებული კომპიუტერი, რის შემდეგაც ისინი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

თ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; თ. ბ-. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 13 ივნისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

დაცვის მხარე ითხოვს თ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას გამოძალვის ეპიზოდშიც იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თ. ბ-ს მონაწილეობა გამოძალვაში. სხდომაზე არ დადასტურებულა, რომ თ. ბ-ს რაიმე კავშირი გააჩნდა იმ პირებთან, რომლებსაც ასახელებდა დაზარალებული. თ. ბ. დაზარალებულს არ დამუქრებია, არ გამოუყენებია ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

ბრალდების მხარე ითხოვს თ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ყაჩაღობის ეპიზოდშიც, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი ბრალეულობა დადასტურდა დაზარალებულის ჩვენებითა და საქმის სხვა მასალების ერთობლიობით, ხოლო გამოძალვის ეპიზოდში ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, რადგან ამ ნაწილში განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რის გამოც პროკურორის მოთხოვნა თ. ბ-ს ყაჩაღობაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.

10. დაუსაბუთებელია ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრიც, ვინაიდან დაზარალებულ ა. ვ-ის ჩვენება, მოწმე ა. ტ-ის ჩვენება და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ თ. ბ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს ა. ვ-ი, გადაეცა მათთვის თავისი კომპიუტერი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე