საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№612აპ-17 ქ. თბილისი
ა. ვ.ტ. ღ, 612აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ვ. ტ. ღ. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ტ. ღ. ა–იმ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ. ტ. ღ. ა–ი მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - დ. რ. ნ. ა-ის მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა დ. რ. ნ. ა-ის სულიერ ტანჯვას. 2017 წლის 28 ივნისს, ქ. თ. ტ-ის ქ. №---ში მდებარე ბინა №–ში, დაახლოებით 21.00 საათზე დ. რ. ნ. ა-ის მეუღლემ ვ. ტ. ღ. ა-იმ მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის, თავისა და ტანის არეში ურტყამდა ხელებს და ასევე რკინის საგანი რამდენჯერმე დაარტყა მარცხენა მკლავზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დ. რ. ნ. ა-იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეა კუტალაძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ა-სთვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საშიშროების გათვალისწინებით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, შესაბამისად, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ვ. ტ. ღ. ა-ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მოცემულ შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და სურს მეუღლის მიმართ შეღავათების გამოყენება. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე