Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-95-375-08 10 მარტი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ელის მიმართ დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 30 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის განაჩენით მ.კრიხელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ელს მის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 1786 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. ს-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის 2007 წლის 22 ნოემბერს განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით მ.კრიხელი, სასჯელის ამოწურვის შემდეგ _ 2009 წლის ივლისში, გადაუხდიდა აპელანტს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებულ 1786 ლარს, ისე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3014 ლარს, სულ _ 5000 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 372-ე მუხლებით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მ. კ-ელი 2009 წლის ნოემბრის ბოლომდე მ. ს-შვილს გადაუხდიდა 3014 ლარს, გაუქმდა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ს-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და მორიგების პირობების სრულად დამტკიცება, ვინაიდან მხარეთა შორის მორიგება შედგა არა მარტო 3014 ლარზე, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული 1786 ლარის გადახდევინებაზე, ამასთან, მ.კრიხელის გადასახდელი თანხა მთლიანობაში შეადგენდა 5000 ლარს და პალატამ 3214 ლარის ნაცვლად, არასწორად მიუთითა 3014 ლარის დაკისრებაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ელს მის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 1786 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. ს-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმის თანახმად, მ.სომხიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა გ.ტ-შვილმა განაცხადეს, რომ თანახმანი არიან მორიგებაზე იმ პირობით, თუ მ.კ-ელი 2009 წლის ნოემბრის ბოლომდე მ.ს-შვილს გადაუხდიდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ 1786 ლარს და სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ მორალურ ზიანს _ 3014 ლარს, რამაც სულ უნდა შეადგინოს 5000 ლარი. მ.კ-ელმა განაცხადა, რომ თანახმაა მისი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გადაუხადოს აპელანტს მის მიერ მოთხოვნილი 3014 ლარი. იმავე სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მ.კ-ელს მ.ს-შვილისათვის 2009 წლის ნოემბრის ბოლომდე მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა გადაეხადა 3014 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სადავო მორიგების დამტკიცებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, კანონით გათვალისწინებული ყოველგვარი შესაძლო საშუალებებით იზრუნოს მხარეთა შორის მორიგების მიღწევისათვის, მათ შორის, განუმარტოს მორიგების სამართლებრივი შედეგებები და ხელი შეუწყოს მორიგების პირობები სწორად ჩამოყალიბებას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე დაამტკიცა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი, რომ არანაირი შეფასება არ მიუცია სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული მხარეთა განმარტებების (იხ. სხდომის ოქმი) და მხარეთა მიერ შედგენილი მორიგების აქტისათვის, რომელთა თანახმად მორიგების საგანს წარმოადგენდა მორალური ზიანი.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ, მხარეთა მორიგების გამო, შეწყვიტა რა საქმის წარმოება, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მთლიანად გააუქმა, რა დროსაც სამართლებრივად სათანადოდ არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ.კრიხელისათვის 1786 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული და მასთან დაკავშირებით მხარეეთა შორის რაიმე შეთანხმება არ ყოფილა. სასამართლოს მხარეთათვის არც კანონით გათვალისწინებული მორიგების სამართლებრივი შედეგი არ განუმარტავს.

ამდენად, დასახელებული გარემოებები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ მორიგების აქტში მისი პირობები არასრულად იქნა შეტანილი და, ფაქტობრივად, მორიგება მოიცავდა მხოლოდ მორალურ ზიანს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს თუ ზუსტად რა პირობებზე მოხდა მხარეთა შორის შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.