საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №617აპ-17 ქ. თბილისი
კ-ა ვ., 617აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. კ-ს ბრალი დაედო:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; დაუხმარებლად იმის მიტოვებაში, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
ვ. კ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ….., ….. გამზირზე, …..მოედნის მიმართულებით „დაიჰაცუს“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით …..) მოძრავმა ვ. კ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ხელის შემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8 და 33.2 მუხლების მოთხოვნები და ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე (ე. წ. ზებრაზე) შეეჯახა ზ. ბ-ს, რის შემდეგაც იგი მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ. ბ-ა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ვ. კ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სსკ-ის 128-ე მუხლით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ვ.კ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მის მიმართ გამოყენებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ვ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი, ლ. ხ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ….. რაიონის სოფელ ….., …..ქუჩა №…..-ში (საკადასტრო კოდი…..), გათავისუფლდა ყადაღისაგან და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების ვალდებულება.
ვ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2017 წლის 31 მაისიდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ა-მ და ლ. ხ-მ, რომლებმაც ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ხ-ს და გ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი ვ. კ-ს მიმართ.
ვ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
გამართლებული ვ. კ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ვ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გირაოს სახით შეტანილ, …..რაიონის სოფელ ….., ….. ქ. №…..-ში (საკადასტრო კოდი…..) მდებარე, ლ. ხ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა. ასევე, გაუქმებულია ვ. კ-ს მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოებში ჩაბარების ვალდებულება.
ნივთიერი მტკიცებულებები _ „დაიჰაცუს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ….., რომელიც განთავსებულია ქ……, …..ქუჩა №.....-ში მდებარე სპეციალურ ავტოსადგომზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის დეტალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
გამართლებულ ვ. კ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულ ვ. კ-ს ბრალეულობის თაობაზე, რადგან ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და მისი დამნაშავედ ცნობისას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა ზოგადი მსჯელობით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულ ვ. კ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით, სამართლებრივი და შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასებული, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩათვლილიყო ვ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა ასეთ დასკვნამდე. გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად ემყარება დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ე. კ-სა და ბრალდების მხარის მოწმეების – მ. ხ-ს, დ. გ-ს, ი. ლ-ს, ლ. გ-სა და ბ. შ-ს ჩვენებებს, რომელთაგან არცერთი არ არის უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტის თვითმხილველი და ვერცერთი ვერ მიუთითებს პირდაპირ ამ დანაშაულის ვ. კ-ს მიერ შესაძლო ჩადენაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია გამოყენებული ვ. კ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, ისინი არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ და მათზე დაყრდნობით შეუძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს ქ. …..,…..გამზირზე, ….. მოედნის მიმართულებით მოძრავ „დაიჰაცუს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ….., რომელიც შეეჯახა ქვეით ზ. ბ-ს, მსჯავრდებული ვ. კ-ა მართავდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, პირველ რიგში, მათი უტყუარობის, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავს დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 82-ე მუხლიც, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საყურადღებოა აგრეთვე ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ირიბადაც კი ვერ მიუთითებენ ვ. კ-ს მიერ მასზე მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენაზე. რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადასტურება, რომ სწორედ ვ. კ-ა მართავდა ავტომობილს, რომელიც ზ. ბ-ს შეეჯახა, საქმეში არ მოიპოვება. როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, უშუალოდ შეჯახების მომენტს არცერთი მათგანი არ შესწრებია, ავტომობილის მძღოლი მათ ადგილზე არ დახვედრიათ და არც ის დაუნახავთ, ვინ იჯდა ამ ავტომობილში, რაც ვ. კ-ს მამხილებელ სხვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ავტომობილს სრულიად სხვა პირი მართავდა. რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. კ-ს ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ავტომობილს, რომელიც მის მეუღლეს შეეჯახა, ვ. კ-ა მართავდა, ეფუძნება მისთვის სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება ვ.კ-ს დამნაშავედ ცნობას, ვინაიდან იგი არ დასტურდება სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ასეთ ვითარებაში ყოველგვარ დასაბუთებულ საფუძველსაა მოკლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. კ-ს მსჯავრდების შესახებ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, საამისოდ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ვ. კ-ს ბრალეულობის თაობაზე ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს, რასაც საფუძვლად არ უდევს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის გამო ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ ვ. კ-მ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული განსაცდელში მიატოვა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცებულებების არასაკმარისობის პირობებში, მაინც მიიჩნია შესაძლებლად მისთვის მსჯავრის დადება, მაშინ, როდესაც იმ მტკიცებულებებს შორის, რომლებსაც სასამართლო დაეყრდნო, ერთიც კი არ არის ისეთი, რომელიც იქნებოდა პირდაპირი, სარწმუნო და დაადასტურებდა, რომ „დაიჰაცუს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ….., რომელიც ზ. ბ-ს შეეჯახა, ვ. კ-ა მართავდა და რომ მან განსაცდელში მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ზ. ბ-ა.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე არნანიამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ვ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №296აპ-14, №462აპ-16).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი