საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №618აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ე ბ., 618აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით ბ. ბ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. აღნიშნული განაჩენით ბ. ბ-ს მსჯავრი დაედო უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის წესების დარღვევაში ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
…..რაიონის სოფელ ….. მიმდებარე ტერიტორიაზე გადის სს „…..“ კუთვნილ ქვესადგურ „…..დან“ გამომავალი 10კვ სიმძლავრის ფიდერ …..საჰაერო გადამცემი ხაზი. აღნიშნული ელექტროსადენების დათვალიერება, შეკეთება და კონტროლი ევალებოდა სს ,,…..“ რეგიონალურ ფილიალს,…..მომსახურების ცენტრის ოსტატს - ბ. ბ-ს და მისი დაუდევარი დამოკიდებულებით არ იქნა გათვალიწინებული ელექტროდანადგართა მოწყობის წესის 2.5.22-ში მითითებული მოთხოვნები. ხსენებულ ადგილზე 10კვ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროსადენი ჩამოწეული იყო მიწიდან 1 მეტრსა და 48 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რასაც 2016 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, შემთხვევით შუბლით შეეხო იქვე, მდინარეზე საბანაოდ მისული ი. დ-ი და მიღებული ელექტროტრამვის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ.ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ხ-მ. აპელანტებმა ითხოვეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ბ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ივლისიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით, არასრულწლოვან მოწმეთა - გ. ლ-ს, გ. კ-ს, დ. ბ-ს ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი არის მდინარე …..შუაში წარმოშობილი ე.წ. კუნძული, სადაც ამოსულია ბუჩქები და ხეები. შემთხვევის დროს ი. დ-ი გადაადგილდებოდა ფეხით და პატარა გუბეებში დახრილი, ლიფსიტებს იჭერდა. როცა გასწორდა, შუბლით შეეხო სადენს და გარდაიცვალა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას არ მომხდარა საპროცესო კანონმდებლობის ისეთი დარღვევები, რაც გავლენას მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ. ბ-ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული ქმედების შემადგენლობის დასადასტურებლად აუცილებელია გაირკვეს, უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის რომელი წესი იყო დარღვეული.
„ელექტროსადენთა მოწყობის წესის“ 2.5.154. შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის 1,65 მეტრი და ნაკლები სიღრმის წყლის სივრცეებს, 1 მეტრი და ნაკლებ პატარა მდინარეებს და არასანაოსნო წყლის სივრცეებს, რომლებიც არ მიეკუთვნება დიდი გადასასვლელების რიცხვს, წაეყენება იგივე მოთხოვნები, რაც მ.ძ. ხაზის გავლისას „დაუსახლებელ ადგილებში“.
„ელექტროსადენთა მოწყობის წესის“ 2.5.22 და 2.5.23-ის შესაბამისად კი მ.ძ. ხაზების სადენებიდან დაუსახლებელ ადგილებში მანძილი მიწის ზედაპირამდე უნდა შეადგენდეს - 6 მეტრს.
დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა მდინარე ….. შუაში წარმოქმნილ კუნძულზე (ხმელეთზე), ამიტომ საჰაერო ხაზსა და ხმელეთს შორის მანძილი უნდა ყოფილიყო ექვსი მეტრი.
დადგენილია, რომ 2007 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებით ბ. ბ-ე დაინიშნა სს „…..“ დასავლეთი ცენტრალური ფილიალის ….. მომსახურების ცენტრის უბნის ოსტატის თანამდებობაზე და მას სოფელ ….. მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზზე ზედამხედველობა ევალებოდა.
მტკიცებულებათა შესწავლით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ. ბ-ს გეგმური დათვალიერებისას აუცილებლად უნდა გაეზომა ყველაზე დაბლა გამავალი ელექტროხაზს ქვემოთ წყლის სიღრმე, რადგანაც წყლის სიღრმის გაზომვის გარეშე შეუძლებელია დადგენილიყო, თუ ხაზს ქვემოთ ადგილი როგორად მიჩნეულიყო, რის გამოც ზუსტად ვერ განსაზღვრა დაშორება მ.ძ. საჰაერო ხაზსა და წყლის ზედაპირს შორის.
დადგენილია ისიც, რომ ი. დ-ი, დაბალ წყალში ფეხზე მდგარი, შუბლით შეეხო ელექტროგადამცემ ხაზს და ელექტროტრამვის შედეგად გარდაიცვალა.
ბ. ბ-ს ეკისრებოდა ვალდებულება, დაეცვა აღნიშნული წესები თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა მან ეს არ გააკეთა და, შესაბამისად, ელექტროსადენების არასათანადოდ შემოწმებამ გამოიწვია ი. დ-ს გარდაცვალება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს ბ.ბ-ს უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, არ წარუდგენია.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ. ბ-მ ჩაიდინა უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და გასაჩივრებული განაჩენით მისი ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ხ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებებში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში. საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი