განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-956-1262-07 30 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ო“
დავის საგანი – დავალიანების გადახდა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 21 მარტს თ. ჯ-ძესა და შპს „ს.-ს“ შორის გაფორმდა კონტრაქტი დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტის დაქირავების შესახებ. კონტრაქტის 2.1-ე მუხლით თ. ჯ-ძე ვალდებული იყო, განეხორციელებინა 1999 წლის 1 ივლისამდე საქართველოში საბითუმო ბაზრის ამოქმედებამდე დამკვეთზე რიცხული დებიტორული დავალიანების სამართლებრივი წესით ამოღება, ხოლო ყოველ კონკრეტულ დავალებაზე უნდა გაფორმებულიყო დამატებითი დავალების ხელშეკრულება, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო გასამრჯელოს ოდენობა. კონტრაქტის 3.5-ე მუხლის თანახმად, დამკვეთის მიერ თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მას თ. ჯ-ძისათვის უნდა გადაეხადა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2007 წლის 2 თებერვალს თ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ს.-ის“ წინააღმდეგ, სადაც მან განმარტა, რომ 2001 წლის 7 ივლისს დავალების ხელშეკრულებით „ს.-მ“ მას დაავალა სასამართლოში ეწარმოებინა საქმე თანხის დაკისრების თაობაზე ქ.წყალტუბოს სს „ა.-სა“ და ქ.სამტრედიის სს „თ.-ის“ მიმართ, რისთვისაც მარწმუნებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის 10%, ხოლო გასამრჯელოს ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მარწმუნებელს ერიცხებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული სასამართლო პროცესი მოიგო.
სასარჩელო განცხადებაში თ. ჯ-ძემ მოითხოვა, მოპასუხე „ს.-ს“ მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2001 წლის 15 ნოემბრის შედარების აქტში მითითებული თანხა და ძირითადი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2001 წლის 15 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის გადახდის ბრძანებით სს „ი.-სათვის“ დაკისრებული თანხის 10% და ასევე¸ამ თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ჯ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით თ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე თ. ჯ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, სადაც მან მიუთითა, რომ 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება არის უკანონო, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კერძო საჩივარში თ. ჯ-ძემ განმარტა, რომ სასამართლოს მისთვის არ ჩაუბარებია უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე. მისი განმარტებით, სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია არც მის წარმომადგენელს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულებად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ჯ-ძემ. მას მითითებული აქვს შემდეგი მისამართი – თბილისი, ...-ის ქ. ¹79, ბინა ¹21 და თავისი ტელეფონის ნომერი. სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა უწყება, მაგრამ სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს კალანდაძის ოჯახი. სააპელაციო სასამართლომ თ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნა 2007 წლის 19 ნოემბერს. ვინაიდან პროცესზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქუნლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მართალია, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გააგზავნა უწყება, მაგრამ იქ მცხოვრებ კალანდაძის ოჯახისთვის არ ჩაუბარებია. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ყველა უწყება იგზავნებოდა და ჰბარდებოდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც ცხოვრობს კალანდაძის ოჯახი, რომელიც შემდეგში გადასცემდა თ. ჯ-ძეს აღნიშნულ გზავნილებს. გარდა ამისა, მას სარჩელში მითითებული ჰქონდა ტელეფონის ნომერი და ასევე ის, რომ კალანდაძის ოჯახს ჩაჰბარებოდა გზავნილები მისთვის გადასაცემად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს სააპელციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.