საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№621აპ-17 ქ. თბილისი
ფ. ნ. 621აპ-17 2 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით ნ. ფ, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 3 ივლისიდან.
მასვე სსკ-ის 43–ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ფ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ, თ–ზე, ნ. ფ–მა, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, მკვეთრ მოსახვევში შესვლის დროს ვერ შეარჩია უსაფრთხო სიჩქარე, მოუცურდა ავტომობილი, გადავიდა გზის საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე, სადაც შეეჯახა ლითონის დამცავ ჯებირს და ხეს. აღნიშნული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ავტომობილის მგზავრი ნ. მ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მა. კასატორებმა ითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, სანქციის მინიმუმის განსაზღვრა და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა იმ მოტივით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ნ. ფ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი კატეგორიის დანაშაული, არის 22 წლის, ხასიათდება დადებითად; იგი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, აღიარებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც თანახმაა, მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით. სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ნ. ფ-სთვის სასჯელის შემსუბუქება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ . ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე