Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-960-1264-07 18 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჰ. ჟ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ვ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ვ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჰ. ჟ-იანის მიმართ ზიანის _ 1200 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 31 აგვისტოს ჰ. ჟ-მა განზრახ დაანგრია მოსარჩელის დამხმარე სათავსი. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ.ვ-იანს მიადგა მატერიალური ზიანი 800 ლარის ოდენობით. მითითებული თანხის გარდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე 400 ლარის _ ხელოსნის ხელფასის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან მ.ვ-იანი წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს და სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჰ. ჟ-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სრული მოცულობით გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან მისი ღირებულებაა 800 ლარი, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჰ. ჟ-იანმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ სადავო სათავსი, რომლის დანგრევის გამოც მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, არასწორად შეფასდა 800 ლარად, ვინაიდან იყო ძველი და მისი ღირებულება ნაკლებად უნდა შეფასებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. ჟ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჰ. ჟ-იანს მის სასარგებლოდ დააკისრა 800 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

მოცემულ შემთხვევაში ჰ. ჟ-იანის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 800 ლარს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იგი მართებულად იქნა ცნობილი დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჰ. ჟ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.