საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-961-1265-07 22 თებერვალი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ც-ძე-ლ-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ლ-აძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 16 მაისს ბ-ის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ც-ძე-ლ-აძემ მოპასუხე გ. ლ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა სამი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება. 2007 წლის 31 იანვარს ნ. ც-ძე-ლ-აძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა 600 ლარის ოდენობით (თითოეულ შვილზე 200 ლარის ოდენობით).
ბ-ის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ი, გ. ხ-ის ქ. ¹1-ში მცხოვრებ გ. ლ-აძეს (ამჟამად პატიმარს) მოსარჩელე ნ. ც-ძე-ლ-აძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა სამი შვილის – 1994 წლის 31 აგვისტოს დაბადებულ კ. ლ-აძის, 1997 წლის 10 აგვისტოს დაბადებულ გ. ლ-აძისა და 1999 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ლ. ლ-აძის აღსაზრდელად, მათ სრულწლოვანებამდე თითოეულ მათგანზე თვეში 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ძე-ლ-აძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ც-ძე-ლ-აძის სააპელაციო საჩივარი ბ-ის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ც-ძე-ლ-აძეს და მოწინააღმდეგე მხარეს გ. ლ-აძეს სასამართლო უწყება სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ პირადად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-ძე-ლ-აძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი (სასამართლო უწყება მისთვის არავის ჩაუბარებია), ის ფიზიკურად ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებასა და მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებას.
ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ის პატიმრობაში აიყვანეს, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო ნ.-ც-ძე ლ-აძის კერძო საჩივარს, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თვლის რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 70-78 მუხლები აწესრიგებს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის ჩაბარების წესს, 70-ე მუხლის თანახმად მხარეებსა და მათ წარმომდაგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ც-ძე-ლ-აძეს უწყება ჩაბარდა პირადად 2007 წლის 19 ოქტომბერს. (ს.ფ.78), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ც-ძე-ლ-აძის სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი, ამასთან მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ის აიყვანეს პატიმრობაში და შესაბამისად ფიზიკურად ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა იზიარებს, ვინაიდან ნორა ცისკაძის მიერ კერძო საჩივართან ერთად მტკიცებულების სახით წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, რომლის თანახმად ნორა ცისკაძეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლის წერტილად განისაზღვრა 17 ოქტომბერი, რაც თავისთავად გამორიცხავს, როგორც მხარის მიერ უწყების მიღებას მითითებულ მისამართზე, ასევე 2007 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას.
ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილია ორი ურთერთგამომრიცხავი მტკიცებულება, კერძოდ უწყება, რომელიც საქმის მასალებიდან გამომდინარე ნ. ც-ძე-ლ-აძეს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 19 ოქტომბერს (ს.ფ.78) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარის ინტერესებიდან გამომდინარე უპირატესობა უნდა მიენიჭოს სასამართლოს განაჩენს.
ამდენად უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე. მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ც-ძე-ლ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.